ახალი ამბები

„ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრები გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში 6 თებერვალს ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ინიცირებული „ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.  

8 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი „ევრო-ოპტიმისტების“ ლიდერს რომან გოცირიძეს და „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერს ზვიად ძიძიგურს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ორივემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ინიციატივისა და მისი მიზნების შესახებ ისაუბრა.

„ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პლატფორმის ფარგლებში შემუშავდება ქარტია, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, ქვეყნის გამთლიანება და კონფრონტაციის მოგვარება. იგი მიესალმა პრეზიდენტის ინიციატივას პლატფორმის ჩამოყალიბების თაობაზე და განაცხადა, რომ ის ასრულებს მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებულ „ერის გამაერთიანებლის“ როლს.

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის აქტიური ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია და „შესაძლებელი პოზიტივის მომტანი გახდეს სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში“. მან ასევე განაცხადა, რომ ზურაბიშვილი „პოლიტიკურ ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთი ფორმატი შეიქმნას, სადაც მას ექნება თავისი პოზიციის დაფიქსირების, ევროინტეგრაციისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადმის შესაძლებლობა“. მისივე თქმით, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ „დაპირისპირების ნაცვლად, კოორდინაციის რეჟიმში იმუშავონ“.

9 იანვარს პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერს ნიკა მელიას შეხვდა. იგი ასევე შეხვდა „მოქალაქეების“ წევრებს ალეკო ელისაშვილს და ქეთევან ტურაზაშვილს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს და თბილისის ლიბერალური აკადემიის დირექტორს ლაშა ტუღუშს. დღის ბოლოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან, მათ შორის გიგა ბოკერიასთან და გიგი წერეთელთან, ასევე ონლაინ მედია „ტაბულას“ დამფუძნებელთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან.

შეხვედრის შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „შესაძლებელია დიდმა ნაწილმა ოპოზიციური სპექტრის საერთო ენა გამონახოს“. მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის ხედვები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, სასამართლოსა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ემთხვევა მის ხედვას. მელიამ ასევე განაცხადა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას „ყველა პროცესში, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“ და რომ მას აინტერესებს არა “ვინ იჯდება მაგიდასთან”, არამედ „შედეგი, რომლებიც უნდა მივიღოთ ამ მაგიდის გარშემო წარმოებული მოლაპარაკებებისა და მუშაობის გზით“.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან საუბარი ძირითადად შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და თუ რისი გაკეთება შეუძლიათ კონკრეტულ აქტორებს და ინსტიტუტებს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს და პარლამენტს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ საუბარი არ ყოფილა.   

ნინო ჩხობაძემ,  ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ,განაცხადა: „ვისაუბრეთ გარემოს დაცვის საკითხებზე და ბაღდათის ამბებზე, იმ კატასტროფებზე, რაც ხდება ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე. რა პერსპექტივებია და რა შეიძლება გაკეთდეს… ვისაუბრეთ 9 პუნქტთან დაკავშირებით ევროპულ პერსპექტივებზე…სამოქალაქო სექტორის  როგორი ჩართულობა უნდა იყოს ამ საკითხებზე“.

ლაშა ტუღუშის, ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორის თქმით,„გუშინ, დავარეგისტრირეთ საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტი, რომელიც სასამართლოს, ანტიკორუფციული ბიუროს, პროკურატურის რეფორმებს ეხება… რაც 9 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან არის დაკავშირებული… პრეზიდენტი საქმის კურსში იყო… მხარს უჭერს ზოგადად დისკუსიებს და მისთვის ძალიან საინტერსო და მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივები“.

გიგა ბოკერიამ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, პრეზიდენტის ინიციატივის თაობაზე სკეპტიციზმი გამოხატა. მისი თქმით, არანაირი განხილვა გაერთიანების შესახებ შეხვედრაზე არ ყოფილა. მან ასევე აღნიშნა, რომ მის პარტიას არ აინტერესებს მოლაპარაკებები, რომლებსაც შედეგი სავარაუდოდ არ ექნება. „საუბარია იმაზე, როგორი უნდა იყოს შეთანხმება ცვლილებების შინაარსზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ამ შემთხვევაში, ევროკავშირთან შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად“, – განაცხადა ბოკერიამ. შეხვედრის დროს განხილულ კონკრეტულ საკითხებზე კომენტირებისას ბოკერიამ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმას და მისი პარტიის პოზიციას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით.

მასალა განახლდა 10 თებერვალს 16:30 საათზე და მას ნინო ჩხობაძის, ლაშა ტუღუშისა და გიგა ბოკერიას კომენტარები დაემატა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button