ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 17-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო და მის ფარგლებში რიგი შეხვედრები გამართა. კერძოდ, იგი ეუთოს თავმჯდომარეს იან ბორგს, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იგლი ჰასანის, დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს დეიმონ უილსონს, აშშ-ის ევროპელი სარდლობის მეთაურს, კრისტოფერ კავოლის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს, სუზანა ბაუმანსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ნეითანს შეხვდა.

შეხვედრა ეუთოს თავმჯდომარესთან

17 თებერვალს ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრთან, იან ბორგთან გამართა შეხვედრა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში მალტის პრიორიტეტები და არსებული გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს მაღალი დონის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნებისთვის.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მიმართ მალტის მტკიცე მხარდაჭერას. დაიგეგმა უახლოეს პერიოდში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი.

„მივესალმებით თქვენს ძლიერ მხარდაჭერას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში“, – დაწერა დარჩიაშვილმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე.

შეხვედრა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

17 თებერვალს ილია დარჩიაშვილი ალბანეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრს, იგლი ჰასანის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთან, ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილმა ალბანელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

„ვინაიდან საქართველო და ალბანეთი გაერთიანებულნი არიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვაში, გამოცდილების გაზიარება ამ გზაზე სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“, – დაწერა დარჩიაშვილმა Twitter-ზე.

შეხვედრა დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორთან

იმავე დღეს დარჩიაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორს, დეიმონ ვილსონს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოს, საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ როლს. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

„განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გამოითქვა მზადყოფნა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები“, – დაწერა დარჩიაშვილმა Twitter-ზე.

შეხვედრა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ქრისტოფერ კავოლისთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

ასევე, აღინიშნა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ურყევი მხარდაჭერა.

შეხვედრის შემდეგ დარჩიაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო ძალიან აფასებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის მადლიერია.

შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმზ ობრაიანთან

17 თებერვალს, ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმზ ობრაიანს შეხვდა.

განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო  ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ  თანამშრომლობას, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ობრაიანის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში.

„დიდად ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ“, – დაწერა დარჩიაშვილმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.

ეხვედრა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან, სუზან ბაუმანთან

18 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს, სუზან ბაუმანს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს  მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ გზაზე პარტნიორებისა და მეგობრების, განსაკუთრებით გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მაღალ დინამიკასა და მჭიდრო პარტნიორობაზე. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან

18 თებერვალს, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნეითანს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის  პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და  ფინანსურ სექტორს შორის კავშირების გაძლიერების კუთხით.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის მზარდ ეკონომიკურ პოტენციალზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

„განვიხილეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკა და ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე“. – დაწერა დარჩიაშვილმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან  და აღმასრულებელ დირექტორთან

ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს  ბენედიქტ ფრანკეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიუნხენის კონფერენციისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშს, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „პრო-რუს ოლიგარქადაა“ მოხსენებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ „ანგარიში, ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას“. „მხარეები შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა „ხელი  შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button