skip to content
ახალი ამბები

მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიში: პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა

2024 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშის უახლეს გამოცემაში ნათქვამია, რომ  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „პრორუს ოლიგარქად და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლადაა“ მოხსენებული, პასუხისმგებელია საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, რაც „ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება“.

ივანიშვილის როლის გარდა, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია რუსეთის ტაქტიკა, რომ „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში [ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში] სეპარატიზმის გამწვავების მუქარის გამოყენებით არასტაბილურობა დათესოს“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „რუსეთმა შესაძლოა ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის თავის ბანაკში შეყვანა, მაგრამ მაინც ცდილობს მათ დასავლეთში ინტეგრაციას შეუშალოს ხელი“.

ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპის უსაფრთხოების თანამშრომლებრივი ეპოქა დასრულდა და რუსულ და დასავლურ ბანაკებს შორის ნაცრისფერ ზონაში ჩარჩენილი ქვეყნები სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან იძულებულნი არიან აირჩიონ მხარეები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთი „ბანაკებს შორის ყოფნის გამო არასტაბილურობას განიცდიან“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და ნატოს ხელშია „ნაცრისფერი ზონის შემცირება“ გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით და ამ გზაზე უფრო ამბიციური ამოცანების დასახვით.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააკონკრეტოს ეტაპობრივი გაწევრიანების ცნება და წაახალისოს რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, მის ინსტიტუტებსა და პოლიტიკაზე ეტაპობრივი წვდომის გზით. ანგარიშის თანახმად, ეს უნდა მოიცავდეს „კანდიდატი ქვეყნების რეგულარულ მოწვევას სტუმრის სტატუსისთ ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე“. უფრო მეტიც, „ნატოს მოკავშირეებმა, საჭიროების შემთხვევაში, შუალედურ ეტაპზე უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები უნდა გასცენ, საბოლოო გაწევრიანებამდე“, ნათქვამია ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button