
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14-16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. წლევანდელი კონფერენცია აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების, ევროპის საკანონმდებლო ორგანოს ახალი ციკლისა და გერმანიის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე იმართება. კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მიიწვიეს.
გერმანიაში გამგზავრებამდე სალომე ზურაბიშვილი კონფერენციისთვის გზავნილების მოსამზადებლად ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ადგილობრივი მედიის მენეჯერებს, აქტივისტებს, დაკავებული აქციის მონაწილეების ოჯახებსა და საჯარო მოხელეებს შეხვდა. კონფერენციას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად ოპოზიციის ლიდერი გიორგი გახარიაც ესწრება.
საქართველო ყურადღების ცენტრში
„ძალიან მარტივია გამოსავლის პოვნა, თუ შეერთებული შტატები და ევროკავშირი გაერთიანდებიან. არ მგონია, რომ პატარა საქართველოს საკითხი ვერ მოგვარდეს და არ გახდეს დემოკრატიული მოგვარების მაგალითი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა კონფერენციის პირველ დღეს გამართულ დისკუსიაზე „Spotlight on Georgia“ (საქართველო ყურადღების ცენტრში).
დისკუსიის დროს მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რომელიც, მისი თქმით, გაყალბდა, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებზე, რუსეთის ინტერესებზე საქართველოში, პატარა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მისი აზრით, დასავლეთმა ახლა უნდა გადადგას.
„მე ვერ ვხედავ საკმარის რეაგირებას ჩვენი ევროპელი პარტნიორების ან ამერიკელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს საქართველოში, ის შემდეგ რეგიონის და ევროპის სხვა ქვეყნებს მიუბრუნდება. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და შავ ზღვაზე მიუთითა, სადაც, მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი მეტი კონტროლის მოპოვებისკენ ისწრაფვიან.
მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ზურაბიშვილი მიესალმა ქართველების მშვიდობიან წინააღმდეგობას „დიქტატურის“ მიმართ. მან ასევე აღნიშნა, რომ „არავინ ახორციელებს ხალხის მობილიზებას. ისინი თავად მობილიზდებიან“.
„მათ უნდათ, რომ ისინი დაინახონ, რომ მათი ხმა ისმოდეს“, – განაცხადა მან.
ზურაბიშვილმა მოუწოდა დასავლეთს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. მან აღნიშბა, რომ დასავლური ინსტიტუტების მიერ, განსაკუთრებით ევროკავშირის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომ საქართველოს მთავრობიდან ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ გადამისამართდეს, ჯერ რეალობაში არ მომხდარა და „როცა ის მოხდება, შეიძლება ძალიან გვიან იყოს”. აღნიშნა რა, რომ ევროკავშირი შესაძლოა ერთსულოვანი არ იყოს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ ყველაზე მკაცრი ზომების დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მან მოუწოდა ცალკეულ მთავრობებს, რომლებმაც ჯერ არ აღიარეს არჩევნები უსამართლოდ, გააკეთონ ეს.
შეხვედრები
14 თებერვალს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს და ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. კონფერენციის ფარგლებში იგი ასევე ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, ლატვიის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსს, და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრი სიბიჰას.
„MSC2025-ზე შევხვდი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს კეტრინ დე ბოლს, რათა გვესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის რეპრესიულ კანონებსა და ოფშორული კანონზე. ამ მოვლენებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ევროპოლსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას“, – დაწერა ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე.
„საუბარი პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ქართველი ხალხის მიერ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერასა და ურყევ ნებაზე. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

„მე შევხვდი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, რათა გვესაუბრა საქართველოს მდგომარეობასა და მზარდ რეპრესიებზე. მათ, ვინც რუსეთის ბრძანებებს აღასრულებს, პასუხი უნდა აგონ. მადლობელი ვართ ლიეტუვის მხარდაჭერისთვის ჩვენს ბრძოლაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვიტერზე ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები 15 თებერვალს გრძელდება. ის უკვე შეხვდა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ნოელ ბაროს და ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს.
„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ, თუ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

„მოხარული ვარ, რომ ვნახე ჩემი დიდი მეგობარი, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი! არალეგიტიმურმა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები ოქტომბერში და ახლა საქართველოს დიქტატურად აქცევს. ჩვენ გვჭირდება გადაუდებელი სანქციები რეჟიმისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია!“ – დაწერა ჯო უილსონმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე.

„მე შევხვდი კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების მოწოდებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია საქართველოს კრიზისიდან“, – დაწერა ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ ევროკავშირის წარმომადგენელთა კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ.

„მე შევხვდი ალარ კარისს, რათა გვესაუბრა რუსეთის ჰიბრიდულ ჩარევაზე საქართველოში, რომლის სამიზნეც არჩევნები და დემოკრატიაა. ხაზი გაესვა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გადაუდებელ აუცილებლობას“, – დაწერა ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე.

კონფერენციის ბოლო დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა Amnesty International-ის გენერალურ მდივანს აგნეს კალამარს და რამდენიმე დეპუტატს იტალიიდან, ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან და ლატვიიდან.
„მე შევხვდი Amnesty International-ის გენერალურ მდივანს აგნეს კალამარს. გადავეცი წერილი უკანონოდ დაკავებული პატიმრების ადვოკატების სახელით. მზია ამაღლობელის სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოვუწოდე. ვისაუბრე ქართული კრიტიკული მედიის წინაშე არსებულ საფრთხეებზე“, – დაწერა ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე.
მთავარი გზავნილები
„დღეს საქართველო არის ადგილი, სადაც არჩევნებსა და მის დემოკრატიულ წყობაში, რუსეთის მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციით, ჰიბრიდული ჩარევის ექსპერიმენტი მიმდინარეობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში კონფერენციის მეორე დღის დასასრულს. მისი თქმით, ეს იყო მისი გზავნილი, რომელიც საქართველოს პარტნიორებს გადასცა და გააფრთხილა, რომ იგივე საფრთხეები ემუქრება მოლდოვას, რუმინეთს და უკრაინას.
„ჩვენც ვამზადებთ არჩევნებს, ეს არჩევნები უთუოდ დაინიშნება! და როცა დაინიშნება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენს პარტიორებთან ერთად, ტექნოლოგიურად დავიცვათ არჩევნები“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, პარტნიორებს გადასცა გზავნილები „ჩვენი პატიმრების შესახებ – მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც დღეს კიდევ შიმშილობს და რომელიც ყველასთვის ძალიან დიდი გამძლეობის მაგალითია“.
„ჩემი მთავარი მიზანი აქ ყოფნის იყო ის, რომ იმ მომენტში, როცა მთავარი ფოკუსი არის უკრაინაზე და იმაზე, თუ რას გააკეთებს ამერიკის ადმინისტრაცია და როგორ მოიქცევიან ევროპელები, საქართველოს არავის არ უნდა დაავიწყდეს, ჩვენც ვართ ძალიან დიდი გამოწვევა ევროპისთვის, ისევე როგორც ამერიკისთვის და აქაც უნდა გამოიჩინონ ის მხარდაჭერა და გამძლეობა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გაიმარჯვოს თავისუფლებამ, დემოკრატიამ და მომავალმა საქართველოსთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის“, – დასძინა მან.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English Русский