skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი მიუნხენში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ევროკავშირის გაფართოების „ეგზისტენციალურ“ მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელურ დისკუსიაში „უფრო ღრმა, ფართო და უფრო ქმედუნარიანი ევროკავშირი?“ მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასა და თავად ბლოკისთვის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილის გარდა, პანელის შემადგენლობაში შედიოდნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლჰა სტეფანიშინა; ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი; პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი, და საფრანგეთის G20 და G7-ის დიპლომატიური მრჩეველი, ემანუელ ბონი. პანელურ დისკუსიას უძღვებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანტონის კოლეჯის ევროპული კვლევების პროფესორი ტიმოთი გარტონ ეში.

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „აუცილებლობა“, კერძოდ, „აუცილებლობა უსაფრთხოების თვალსაზრისით“ როგორც საქართველოსთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის. მისი თქმით, წინა გაფართოებამ  მეტი უსაფრთხოება მოუტანა არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები გახდნენ, არამედ თავად გაერთიანებას. ამ კონტექსტში მან შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ 2007 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ დასავლეთს რეგიონში არ შეუშვებდა; შემდეგ იყო ომი საქართველოში, ყირიმის ანექსია და ბოლოს, მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება „ევროკავშირისა და საქართველოს განსაკუთრებული ინტერესია … [მათი] უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისთვის“ და დასძინა, რომ ეს ხელს შეუშლის რუსეთს გახდეს „ექსკლუზიური ძალა“ შავ ზღვაზე.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ „გაფართოება ჩვენთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა“ და დასძინა, რომ
„საქმე ის არ არის ჩვენ მოგვწონს ეს, თუ არა“. პრეზიდენტის თქმით, „გაფართოებას თქვენთვისაც [ევროკავშირისთვის] ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს“. „ზოგჯერ გვავიწყდება, რომ რუსეთი არა მხოლოდ შემოიჭრა უკრაინაში და ემუქრება ჩვენს ყველა ქვეყანას კიბერშეტევებით, ჰიბრიდული ომით, არამე ის ასევე აპირებს გამოიყენოს ანტი-სატელიტური ომი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციებს და მთელ ლოჯისტიკას“, – დასძინა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

პანელური დისკუსიის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართა და განაცხადა: „ბევრი ჩვენგანისთვის ის [სააკაშვილი] არის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო“ და ხაზგასმით აღნიშნა: „თქვენი კანონის უზენაესობის პატივისცემით… მის მიმართ სამართლიანი მოპყრობა ძალიან მნიშვნელოვანია“. მან ივარაუდა, რომ ზურაბიშვილმა შესაძლოა ხელი შეუწყოს მის გათავისუფლებას.

საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა ემანუელ ბონმა განაცხადა, რომ „ჩვენ დავპირდით უკრაინას და საქართველოს და სხვებს ევროკავშირში გაწევრიანებას“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს“. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს „რეალური ინტერესი“, რომ ეს ქვეყნები თავის შემადგენლობაში იხილოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button