skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად 30 მილიონი ევროს დახმარება გამოყო

ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვის მხარდასაჭერად დახმარების ორი პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარების მიზანია ქვეყნის თავდაცვის ძალების ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გაზრდის საქმეში.

დახმარების პაკეტი 36-თვიან პერიოდზეა გათვლილი და მიმართული იქნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და სერვისების დაფინანსებისკენ. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვის აღჭურვილობას. ამასთან, საქართველოს თხოვნის საფუძველზე მოხდება ტექნიკური მომზადების დაფინანსებაც.

„რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი [საქართველოსა და მოლდოვის] ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებასა და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის ზრდაში“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა.

საქართველომ დახმარების გამოყოფის თხოვნით ევროკავშირს 2023 წლის 8 თებერვალს მიმართა. მანამდე დახმარების ორი პაკეტი გამოიყო: 20 მილიონი ევროს დახმარება 2022 წლის დეკემბერში, ხოლო 12,75 მილიონი ევროს დახმარება 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button