skip to content
რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

გაზეთი “კომუნისტი”, 1922: სიცრუის კამპანია გრძელდება

სიცრუის კამპანია გრძელდება

(სტატია ქვეყნდება შემოკლებით)

გაზეთი კომუნისტი, 08.02.1922, N:30

რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“

სტამბოლის ბურჟუაზიულ გაზეთ „ბოსფორში“ მოთავსებულია მორიგი, მენშევიკების მიერ გამოგონილი ინფორმაცია საბჭოთა საქართველოს მდგომარეობის შესახებ სათაურებით: „ქართული უნივერსტიტეტი“, „ქართული ენის დევნა“, „რეპრესიები“, „რკინის გზებზე“. […] მენშევიკური ცნობა ამბობს […] : „ქართულ უნივერსტიტეტის მდგომარეობა – თურმე გამოურკვეველია მაგრამ კომუნისტები ფიქრობენ თავის პროექტების გატარებას“. რაში გამოიხატება გამოურკვევლობა და რატომ არ უნდა იფიქროს კომუნისტებმა თავის პროექტების გატარებაზე ამაზე განმარტება ინფორმატორმა არ ინება, სამაგიეროდ მან გამოამზეურა ასეთი ახალი ამბავი: „შენობების უქონლობის გამო, რომლებიც ჩამორთმეულია სხვა მიზნებისათვის, შკოლების მეცადინეობა შეწყვეტილია“. და ასეთი ბურჟუაზიული ქონით შეთითხნილი ჭორებით მენშევიკები ფიქრობენ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისათვის ზიანის მიყენებას.

ბოლოს შემოქმედების ჭაპან წყვეტა ღმეჭავს პროვოკატორ-ინფორმატორის სახეს, როდესაც ის ასწერს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართველ მუშებისა და გლეხების ენის დევნას, თურმე: „ქართული ენის დევნა გრძელდება. ქართველის მოსამსახურეების გაძევებასთან ერთად ქართული ენა ჰქრება სახელმწიფო დაწესებულებებიდან. […] საბჭოთა მთავრობა ვერ ენდობა ქართველებს საპასუხისმგებლო პოსტებზე, რომლებზეც ინიშნებიან რუსები. […] აქამდი, უცხო ელემენტების რუსებისა და სომხების მოქმედება განისაზღვრებოდა თბილისის ტერიტორიით, მაგრამ ეხლა რუსები და სომხები შეიჭრნენ სოფლებშიაც… პროფკავშირების კრებაზე ორახელაშვილმა პროვოკაცია უწოდა ქართული ენის სუვერენობის დაცვას“.

თუ გამოვაკლებთ ამ „შექმნილ ლეგენდას“ […] ამხ.ორახელაშვილის განცხადებას […] რომელსაც არსად არ ჰქონია ადგილი მაშინ დარჩება წმინდა ჭორი იმის შესახებ რომ საბჭოთა ხელისუფლება სდევნის ქართულ ენას, ერეკება ყოველ ადგილიდან ქართულ ელემენტებს და მათ მაგივრად ნიშნავს რუსებს და სომხებს. […] ინტერნაციონალიზმის დროშა, რომელიც გვავალებს არ შევუდგეთ იმის გარჩევას თუ ვინაა ებრაელი და ვინ ელინი [იგულისხმება ბერძენი], თუ ვინაა ჩვენი და ვინ უცხო, როდესაც საკითხი დგას მშრომელთა მიერ მსოფლიო ექსპლოატაციასა და ნაციონალურ შუღლის მოსპობაზე.[…]

ბრაზმორეული ნაციონალიზმითა და შოვინიზმით გაჟღენტილი მენშევიკები, ამას ვერ გაიგებენ, მაგრამ ეს ჩვენი უდავო უფლებაა.

როგორ გამოვიყენეთ ჩვენ ეს უფლება? გადავაქციეთ თუ არა ის ქართველი ელემენტების დევნის უფლებათ უცხო ნაციების სასარგებლოდ?

ამაზე ხვალ.

მ.ო.

მსგავსი/Related

Back to top button