skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს შეხვდა

საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა საპარლამენტო  პარტიების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და მის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას შეხვდნენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და მომდევნო 10 თვის გეგმები გააცნო. კობახიძემ აღნიშნა, რომ შემოდგომაზე იგი ახალ სამთავრობო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების გზით მომზადდება.

კობახიძემ თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ ხაზი გაუსვა ეკონომიკის გადამწყვეტ როლს ქვეყნის განვითარებაში, რა დროსაც ყურადღება ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და ინტერნეტზე წვდომაზე გაამახვილა. მან ისაუბრა ისეთი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაზე, როგორიცაა დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალი და ანაკლიის პროექტი, ამასთან, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის განვითარებასა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულებაზე. კობახიძემ ასევე ისაუბრა ინტერნეტზე წვდომისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე, გაზიფიკაციის გაფართოებასა და ტურიზმის ხელშეწყობაზე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პროექტები გაგრძელდება და გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება, განათლება, სპორტი და ჯანდაცვა მთავრობის პრიორიტეტები იქნება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას,  კობახიძემ ხაზი გაუსვა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის გეგმებს.

კითხვა-პასუხის სესია

კობახიძის მიერ წარმოდგენილ პროგრამას ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოყვა.  კითხვები ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, კორუფცია, დემოგრაფია, ინფრასტრუქტურული პროექტები, პოლიტიკური პოლარიზაცია და პენსიები. კობახიძემ ძირითადად თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემას და მხოლოდ ზოგადი პასუხებით შემოიფარგლა.

ელექტროენერგიაზე, გაზსა და წყალზე მაღალი ფასების პრობლემასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კობახიძემ საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის კითხვების უმეტესობას მან 2012 და 2023 წლების მაჩვენებლების შედარებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ისეთ სფეროებში, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე, საქართველოს მოსახლეობა კვლავ პრობლემების წინაშე დგას, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლაა გაუმჯობესებისკენ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჰკითხა კობახიძეს, თუ რატომ სურს მას მთავრობის მეთაური გახდეს და რა არის მისი კონკრეტული გეგმები და ხედვები, რაზეც კობახიძემ მოკლედ უპასუხა, რომ მისი წარდგენა ახლახანს მოხდა  და რომ საკუთარ გეგმებზე მეტის თქმას შემოდგომის არჩევნებამდე შეძლებს.

რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებაც დაუსვა კითხვები, კერძოდ, იმ კომპანიის შესახებ, რომელიც ინვესტორად შეირჩევა და ასევე ექნებათ თუ არა ჩინურ კომპანიებს პრივილიგირებული პოზიცია ამ პროცესში. კობახიძემ უპასუხა: „გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს“.

გელათის მონასტრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობას აიღებს ამ პროცესში მთავრობა და, კონკრეტულად, კულტურის სამინისტრო. კობახიძემ აღნიშნა, რომ აღდგენის პროცესზე პასუხისმგებლობა საქართველოს საპატრიარქომ აიღო, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა მზადაა მასთან ითანამშრომლოს.

კიდევ ერთი აქტუალური თემა მოახლოებული არჩევნები იყო, კერძოდ, საარჩევნო უბნების გახსნა ქვეყნებში, სადაც ქართული დიასპორა მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი. კობახიძემ განაცხადა, რომ დემოკრატიული პრაქტიკის თანახმად, არჩევნები მხოლოდ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიძლება ჩატარდეს და ვინაიდან საელჩოების ტერიტორია სახელმწიფოს ნაწილია, „საარჩევნო უბნები მხოლოდ საელჩოების ტერიტორიაზე გაიხსნება“.  

კითხვაზე, მიაღწევენ თუ არა ოპოზიცია და მმართველი პარტია კონსენსუსს და გადადგამენ თუ არა ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ, კობახიძემ უპასუხა: „უხეშობა პოლიტიკაში, უხეში რიტორიკა, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის… ქვეყნის ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა, ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში… თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი, ნაკლები რადიკალიზმი აუცილებლად სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას”.

„ქართული ოცნების“ რიტორიკაზე საუბრისას, რომელიც ოპოზიციას „რადიკალურ ოპოზიციად“ და „სახელმწიფოს მტრებად“ მოიხსენიებს, ასევე „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ რიტორიკას იყენებს, კობახიძემ განაცხადა, რომ ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ გამართლებულია იმ პარტიებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია, ხოლო „გლობალური ომის პარტია“ გულისხმობს გარე ძალებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი იმით, რომ საქართველოში პროცესები ისე განვითარდეს, როგორც ეს ქვეყნის ინტერესებშია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ დასმულ კითხვაზე, კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რასაც მოწმობს მისი პოლიტიკაში დაბრუნება და რომ ის ნებისმიერ სხვა პატიმარზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია და, სხვა პატიმრებისგან განსახვავებით, სასჯელს საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში იხდის. კობახიძემ ისიც კი განაცხადა, რომ „შეიძლება, ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის ოროთახიან პალატაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მორალური შეხედულებიდან გამომდინარე, მე ამით დავითრგუნებოდი“.

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე კონკრეტული დაპირება გააჟღერა:

  • ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციების გზით გაგრძელდება;
  • მთავრობა იმუშავებს დავით გარეჯის მონასტრის საკითხის აზერბაიჯანთან ოფიციალური დიალოგის გზით მოგვარებაზე;
  • განათლების სამინისტრო იმუშავებს, რომ ბიუჯეტში სასკოლო უფასო კვება გაითვალისწინოს;
  • გაიზრდება ადრეული შეტყობინების სისტემების რაოდენობა ბუნებრივი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად.

დღესვე, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს მოუსმენს, პარლამენტი ახალ პრემიერს და მის მთავრობას ნდობას გამოუცხადებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button