საპარლამენტო კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების ერთობლივი მოსმენები გაიმართა
საპარლამენტო კომიტეტებმა 5 თებერვალს ახალი სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილეს და მინისტრობის კანდიდატებს ორ ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს. პირველ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს, ხოლო მეორე სხდომაზე განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. პირველ სხდომაზე ოპოზიციასა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მის ნაცვლად პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე უკვე დასახელდა. პრემიერის ცვლილების გამო, პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
საპარლამენტო გრაფიკის მიხედვით, 5-7 თებერვალს წარდგენილი მინისტრების ერთობლივი მოსმენები შესაბამის კომიტეტებში გაიმართება. 7 თებერვალს მათ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის დეპუტატებს წარუდგენენ. მომდევნო დღეს კი კანდიდატებს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ფრაქციისა და საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალის“ წევრები მოუსმენენ.
8 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების განიხილავენ, რის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს ახალ მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ. აღსანიშნავია, რომ მთავრობას ერთადერთი ახალი მინისტრი ეყოლება – თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
მინისტრობის კანდიდატების პირველი მოსმენა
დღეს გამართულ პირველ მოსმენაზე ოთხმა კომიტეტმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ რატი ბრეგაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს მოუსმინა. მოსმენა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა გამართეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი და უცვლელი ამოცანაა, თანამიმდევრული პოლიტიკის გატარებით, ახალი მიდგომების დანერგვითა და ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენებით ხელშესახები შედეგების მიღწევა. მისი თქმით, უწყების ხედვა ემყარება ერთი მხრივ, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, მეორე მხრივ კი, დემოკრატიული, თანასწორი, კულტურულად მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნდობის აღდგენის ინიციატივებისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას. მისივე თქმით, გაგრძელდება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ჩვენი სტრატეგიული გეგმა გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას და ამ ხედვის მთავარი საყრდენია ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისი განცხადებით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს შექმნა და ქვეყანაში კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა. გომელაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით სხვადასხვა რეფორმა მუდმივად ხორციელდება.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამართლებრივი უსაფრთხოების ნაწილში გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი, ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების მოდიფიკაციის პროცესი. მისივე თქმით, 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით. რატი ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაცია და ამ მიმართულებით უკვე დაინერგა სამართლის ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმა, რაც „ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და ამაღლდება ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ხარისხი და ტემპი“.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, „რუსეთის ოკუპაციის და ჰიბრიდული საფრთხეების მიუხედავად, საქართველო წარმატებით ახერხებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლას და ამის მკაფიო დადასტურებაა გასულ წელს მონიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“. მან ხაზი გაუსვა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მეშვეობით პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის პრიორიტეტს, მათ შორის პარტნიორობას ნატოსთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან, ასევე სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას აზერბაიჯანთან და თურქეთთან.
კითხვა-პასუხის სესია
ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვები ძირითადად მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრზე, ირაკლი ჩიქოვანზე იყო მიმართული. მას ჰკითხეს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმებზე და თუ როგორ ხედავს საქართველოს გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურსაც დაუსვეს, რომლებიც, ძირითადად, საქართველოს ნარკოპოლიტიკას და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ არსებულ ვითარებას შეეხებოდა.
საქართველოს პრეზიდენტთან და მთავარსარდალთან სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის გეგმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ჩიქოვანმა პრეზიდენტი „მაპოლარიზებელი“ ქმედებების გამო გააკრიტიკა, თუმცა აღნიშნა, რომ „როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, გეტყვით, რომ პრეზიდენტთან და თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობები არის გაწერილი და დარეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად, ამით ვისარგებლებ მეც“.
კითხვაზე იზიარებს თუ არა ის მმართველი პარტიის მოსაზრებას, რომ აგვისტოს ომი არ მოხდებოდა, 2008 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ჩიქოვანმა დადებითი პასუხი გასცა. მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს განვითარებაში მის მიღწევებზე ისაუბრა.
ვახტანგ გომელაურმა სოფელ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიებაზე ისაუბრა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდული წვდომით გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შეუძლებელია გამშვები პუნქტების ცალმხრივად შეცვლა მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან ეს, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და „მესამე მხარეების“ თანხმობას მოითხოვს. გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მცდელობისა, როგორიცაა მობილური პატრული, 391-კილომეტრიანი ხაზის დაფარვა „ფიზიკურად შეუძლებელია“.
პირველი მოსმენის კითხვა-პასუხის სესიის დროს ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რის შემდეგაც საკომიტეტო მოსმენის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა. სამადაშვილმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა გომელაურის კანდიდატურა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მინისტრობის კანდიდატის მიმართ გაჟღერებულ კორუფციულ ბრალდებებზე მიუთითა, რის გამოც ოხანაშვილმა მას დარბაზის დატოვება სთხოვა.
საკომიტეტო მოსმენაზე ოთხივე კანდიდატს და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.
მინისტრობის კანდიდატების მეორე მოსმენა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი და 2024 წელს 2,508.0 მლნ ლარს მიაღწია. მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია მასწავლებლების ხელფასების, ასევე სკოლების ავტონომიურობის ხარისხის ზრდა. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება. გეგმები ასევე მოიცავს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს უმაღლეს განათლებაში, მეცნიერების დაფინანსების გაზრდას და ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას.
კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იგეგმება საქართველოში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მხარდაჭერის გაზრდა და სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა. კულტურის დარგზე საუბრისას, თეა წულუკიანმა დაგეგმილ კულტურულ ფესტივალებსა და გამოფენებზე ისაუბრა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში გაგრძელდება ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროცესი. ასევე, გაგრძელდება ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ლაბორატორიის მხარდაჭერა, ხოლო 2024 წელს დასრულდება დმანისისა და მესხეთის თეატრების რეაბილიტაცია.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. მან ისეთი მიღწევები დაასახელა, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინება და მედიკამენტების ფასების შემცირებისკენ მიმართული რეფორმები. აზარაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომის გაზრდაზე და აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური ახალი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა.
კითხვა-პასუხის სესია
გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ დასმულ კითხვაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაიბარა, კულტურის სამინისტრო ამაზე პასუხისმგებელი აღარ არის. მან ასევე განაცხადა, რომ უჩივლებს ყველას, ვინც იტყვის, რომ კულტურის სამინისტრო რაღაცას აფუჭებს გელათში.
ოპოზიციონერ დეპუტატ არმაზ ახვლედიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც მან ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიდი დელეგაციის მივლინების შესახებ კითხვები დასვა. წულუკიანმა უპასუხა, რომ მათ სახელმწიფო არ აფინანსებს.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 34-წევრიან დელეგაციას აგზავნის. კინოფესტივალის ვებგვერდის თანახმად, ქართული დელეგაციის წევრები არიან კინოცენტრის 5 მოქმედი თანამშრომელია, მათ შორის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია და კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია. დანარჩენი 29 ადამიანიდან 12 რეგისტრირებულია ფილმების ექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერად. კინოცენტრის სახელით, ბერლინალეს ასევე დაესწრება ხუთი ჟურნალისტი სახელისუფლებო ტელევიზიებიდან „იმედი“ და POSTV. ადგილობრივმა ექსპერტებმა უკვე აღნიშნეს დელეგაციის არაადეკვატური შემადგენლობა, რომელიც კინემატოგრაფიასთან მცირე კავშირის მქონე ადამიანებისგან შედგება, ისევე როგორც მისი უჩვეულოდ დიდი ზომა (34 წევრი) სხვა ქვეყნების დელეგაციებთან შედარებით. მაგალითად, საფრანგეთის დელეგაცია 8 წევრისგან, ჩეხეთის დელეგაცია 5, ხოლო სომხეთის დელეგაცია 3 წევრისგან შედგება.
კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს, მიკროფონი იმის გამო გაუთიშეს, რომ მან ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ აზარაშვილის უმუშევარი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის დაბალი ხელფასების შესახებ ჰკითხა. მასაც სთხოვეს ოთახის დატოვება მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრობის კანდიდატ წულუკიანს გელათის რეკონსტრუქციის შესახებ ჰკითხა.
აღსანიშნავია, რომ მოსმენის პარალელურად, კულტურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის დაწყებამდე პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს კომიტეტებს მხარი არ დაუჭირონ წულუკიანის კანდიდატურას. „თეა წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის შეუქცევად განადგურებას, კეთილსინდისიერი პროფესიონალებისთვის გამოცხადებულ ტერორს და ქვეყნის სრულ კულტურულ იზოლაციას“.
პროტესტის შესახებ კითხვაზე წულუკიანმა განაცხადა, რომ მის ქმედებებს აპროტესტებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი. მისი თქმით, აქციის მონაწილეები მხარს არ უჭერენ მის მცდელობებს, მოახდინოს კულტურული ინდუსტრიის დეპოლიტიზაცია, რადგან ეს მათთვის ხელსაყრელი არაა და ისინი აგრძელებენ როგორც პირადი, ისე ოფიციალური წერილების წერას დაფინანსების მოთხოვნით.
საკომიტეტო მოსმენაზე სამივე კანდიდატს და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)