ახალი ამბებიდაწვრილებით

ერთობლივ საკომიტეტო სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს. კომიტეტებმა სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

სხდომაზე გამოსვლისას დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა მიმართული იქნება შემდგომი პროგრესის მიღწევისა და კანდიდატის სტატუსით მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებისკენ. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული კომპლექსური რეფორმების შედეგად, 2023 წელს საქართველომ ევროინტეგრაციის ისტორიაში „უპრეცედენტო შედეგს“ მიაღწია და კანდიდატის სტატუსი მიიღო.

დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლზე და განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. „განსაკუთრებით ხაზგასასმელია ევროკავშირთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული „დაკავშირებადობის“ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, მოსახლეობაში ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულების უზრუნველყოფისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დამტკიცდა მთავრობის 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგეგმა და ახორციელებს კონკრეტულ გეგმას ევროპული ფასეულობებისა და ქვეყნის ევროკავშირის წევრობის სარგებლის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით. ილია დარჩიაშვილმა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ამ კუთხითაც  ხელშესახები შედეგები აქვს. კერძოდ, 2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია,  საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა პაკეტი.  „2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში კვლავ დადასტურდა მოკავშირეთა ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა მან.

დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართ. მან ისაუბრა გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და სკანდინავიურ ქვეყნებთან მიმდინარე თანამშრომლობაზე და საქართველოს ეროვნული მიზნებისადმი გერმანიის განსაკუთრებულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. მინისტრობის კანდიდატმა ასევე გაამახვილა ყურადღება ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაზე და უფრო ფართო ეკონომიკური, კულტურული და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრა.

დარჩიაშვილმა სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და კულტურული კერების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას. სიტყვით გამოსვლისას, დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა კულტურული დიპლომატიის როლზე, რომელიც შეუცვლელი მექანიზმია ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე უკეთ წარმოჩენის და კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში ქვეყნის ჩართულობის ხელშესაწყობად. ამ კუთხით, მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებით აღნიშნა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“ და სხვა პროექტებში საქართველოს მონაწილეობა.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის – ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას“. მისივე თქმით, საგარეო უწყება ძალისხმევას მიმართავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებისკენ, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ისე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის კუთხით.  ამ კონტექსტში ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგის მიღწევის მნიშვნელობაზე. „„ჩვენ გავაგრძელებთ თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან და აშშ-სთან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობას მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მიზნით გზების გამონახვისა და ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად,“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. მან ასევე აღნიშნა საერთაშორისო რეზოლუციები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა არაღიარების პოლიტიკის, ასევე შერიგებისა და პროცესში საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართ ერთგულება.

დარჩიაშვილის თქმით, მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, საქართველო ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და არაერთგზის შეუწყო ხელი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს  შორის კომუნიკაციას. მინისტრობის კანდიდატმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გააგრძელოს მშვიდობასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული სამეზობლო პოლიტიკა. „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს მიერ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის წამოწყებით“, – აღნიშნა მან.  

სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა სატრანსპორტო/ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლზე. დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის მნიშვნელობაც. დარჩიაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები და ქვეყანა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად ჩამოყალიბდა, რამაც კიდევ უფრო აქტუალური გახადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება. მისივე თქმით, ძალისხმევა მიმართული იქნება ცენტრალური აზიის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან სტრატეგიულ-პოლიტიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ.

კითხვა-პასუხის სესია

მინისტრობის კანდიდატის გამოსვლას ოპოზიციის წარმომადგენლები ძირითადად კრიტიკით შეხვდნენ. მათი კითხვები ეხებოდა დეოკუპაციის გეგმებს, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს და ევროკავშირში ინტეგრაციას. ოპოზიციის წარმომადგენელმა ჰკითხა დარჩიაშვილს, რატომ არც ერთხელ არ ჩავიდა ის უკრაინაში სოლიდარობის ნიშნად, რუსეთის შეჭრის შემდეგ.  

დარჩიაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვაზე, თუ რატომ არ ჩავიდა ის უკრაინაში ორი წლის განმავლობაში და მხოლოდ ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისადმი გაეროს რეზოლუციებითა და მთავრობის ინიციატივებით. დეოკუპაციის მცდელობებთან დაკავშირებით მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას. რაც შეეხება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა უნდა გააქტიურდეს „შუა დერეფნის“ პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, რაც, მისი თქმით, უაღრესად მომგებიანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჰკითხა მას, იყო თუ არა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებისას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მოთხოვნა წამოყენებული, როგორც ეს საქართველომ გააკეთა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ. დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ ჩინეთი ზოგადად არ ცნობს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს.

ამავე თემაზე, ევროპელი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებმა 15 წლის მანძილზე შედეგი ვერ გამოიღო, რადგან აშშ დიდად არ არის დაინტერესებული მონაწილეობაში, ვინაიდან ამჟამინდელი სტატუს კვო აწყობს. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად მომხრეა და აცხადებს საქართველოს ერთიანობას, ხომ არ სჯობდა ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა მან.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დაინტერესდა საქართველოს დაბალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსით და იკითხა, თუ რატომ აჯობეს უკრაინამ, მოლდოვამ და თუნდაც სომხეთმა საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია. დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს არაფერი აქვს საერთო ევროკავშირთან და არ არის სანდო დოკუმენტი, რადგან ის ექსპერტებმა დაწერეს და არა ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მისი თქმით, თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაც კი არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დოკუმენტში წერია.

ბოლოს დაისვა კითხვები, თუ როდის დაიწყება ამომრჩეველთა რეგისტრაცია და საარჩევნო უბნების გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში ქართველი ემიგრანტებისთვის, ასევე ხმის დისტანციურად მიცემის შესაძლებლობა. დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ პროცესი დაიწყება ცესკოსა და ამ ქვეყნების საკონსულოებთან კოორდინაციით. რაც შეეხება დისტანციურად ხმის მიცემას, მისი თქმით, ამას რისკები ახლავს და ამიტომ ასეთი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატს და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button