„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ 1 თებერვალს გამართულ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალ პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად წარადგინა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის თანახმად, კობახიძის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას პარლამენტის წევრთა 76 ხმა სჭირდება და ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აქვს, როგორც მოსალოდნელია, მისი კანდიდატურის დამტკიცებას პრობლემა არ შეექმნება.
დღევანდელ ყრილობაზე, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, პარტიის პოლიტსაბჭომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩია.
პარტიის ყრილობის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 16 წუთს გაგრძელდა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, ყველა მინისტრი ადგილზე რჩება. ბურჭულაძეს, სავარაუდოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. კობახიძის თქმით, მხოლოდ ბურჭულაძემ გამოთქვა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლების სურვილი.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მიიღო შემოთავაზება ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობის დაკავების თაობაზე, რომელსაც ის “სავარაუდოდ” დათანხმდება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით. ამავე ყრილობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი ხელისუფლების „ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა“.
30 დეკემბრის ყრილობის შემდეგ თავის პირველ კომენტარში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება. მან ასევე განაცხადა, რომ ცვლილებები არც მთავრობაში და არც მმართველ პარტიაშია დაგეგმილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)