ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ხაზი გაუსვა რა შიდაპარტიულ დემოკრატიას, მან განაცხადა, რომ „საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა“. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან მიიღო შემოთავაზება, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდეს.

„პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობასა და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშომლებს, ყველა საჯარო მოხელეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღესვე ცოტა ხნით ადრე, ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ მისი „ექსკლუზიური ინფორმაციით“, „ქართული ოცნების“ მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის თანამდებობების გაცვლაა მოსალოდნელი. ამავე ინფორმაციით, ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაშიც იგეგმება და მმართველი პარტია ამის თაობაზე 1 თებერვალს დაგეგმილ ყრილობაზე განაცხადებს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით. ამავე ყრილობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი ხელისუფლების „ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა“.

30 დეკემბრის ყრილობის შემდეგ თავის პირველ კომენტარში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება. მან ასევე განაცხადა, რომ ცვლილებები არც მთავრობაში და არც მმართველ პარტიაშია დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button