skip to content
ახალი ამბები

საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში

საერთაშორისო გამჭირვალობის ყოველწლიურ კვლევაში – „კორუფციის აღქმის ინდექსი“, რომელიც 23 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ – 2 ქულით გაუარესდა.

2019 წლის კვლევაში საქართველო 56 ქულით 180 ქვეყენას შორის 44-ე ადგილზეა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში უმაღლესი მაჩვენებელია. საქართველო 44-ე ადგილს კოსტა რიკასთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან და ლატვიასთან ერთად იყოფს.

კვლევის ფარგლებში, ქვეყნების შეფასება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალით ხდება.

2018 წლის კვლევაში საქართველოს 58 ქულა ჰქონდა და 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე იყო. 2017 წელს საქართველო 56 ქულით 46-ე ადგილს იკავებდა. 2016 წელს საქართველომ 57 ქულა მიიღო და 44-ე ადგილზე იყო. 2012 წელს საქართველოს 52 ქულა, 2013 წელს – 49 ქულა, ხოლო 2014 და 2015 წელს კი – 52 ქულა ჰქონდა.

ანგარიშის თანახმად, „საქართველოში პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერების თვალსაზრისით, საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კერძო სუბიექტების ხელში კონცენტრაცია რეგიონში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება“.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ ანგარიშის თაობაზე პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავაც პირველ ადგილს იკავებს, თუმცა „აღსანიშნავია ბოლო წლებში ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს“.

ორგანიზაციის თქმით, „2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ კვლავ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული“:

  • ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში; 
  • კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში; 
  • სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება; 
  • მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე; 
  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button