ახალი ამბები

საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია (აღსანიშნავია, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება). მართალია, საქართველოს წამყვანი ადგილი უკავია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, ქვეყნის შედეგი რეიტინგში ძირითადად განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრის საქმეში მანამდე მიღწეული წარმატებით. ამასთან, ორგანიზაციის თქმით, საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ამას გარდა, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა სომხეთი და მოლდოვა, რომელთაც 2017 წლის შემდეგ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მიაღწიეს, ინდექსის თანახმად, საქართველომ ბოლო წლებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში პროგრესს ვერ მიაღწია.

2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს ჩეხეთთან, იტალიასა და სლოვენიასთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, „ფაქტობრივად, კლავს ყველანაირ იმპულსს კორუფციასთან საბრძოლველად“. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ „მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუციები, სასამართლო და სამართალდამცველი ორგანოები, რის გამოც უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით გამოუძიებელი შემთხვევა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ „ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია კლეპტოკრატიის სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები სისტემატურად იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასევე აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის „ოცნებისეული“ მოდელი ნაკლოვანია, რადგან ის არ მოიცავს სააგენტოს საკმარის დამოუკიდებლობას და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა ჰქონდა და რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იყო ბოტსვანასთან, დომინიკასა და ფიჯისთან ერთად.

2020 წლის კვლევაში, საქართველო 56 ქულით 180 ქვეყენას შორის 45-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2019 წელს ქვეყანას 56 ქულით 44-ე ადგილზე იყო.

2018 წელს საქართველო 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2017 წელს 56 ქულა მიიღო და 46-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2015 და 2014 წლებში საქართველოს 52 ქულა ჰქონდა, 2013 წელს – 49, ხოლო 2012 წელს – 52.

რეაქციები

2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შედეგებზე საუბრისას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ „საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს“.

კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი ის პრიორიტეტია, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაუწესა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიაჩნია, რომ „ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ვითარების გამოსასწორებლად და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად“.

საქართველოს ქულა რეიტინგში დადებითად შეაფასა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერია, ასევე უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 11 ქვეყანას. „მიმართულება, რომელიც საქართველოს აქვს აღებული ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაზრისით, წარმატებულია. ქვეყანა ლიდერია რეგიონში და ერთ-ერთი თვალსაჩინოა ევროპის მასშტაბით“, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო მაჩვენებელი 35-ია, რაც საშუალო გლობალურ მაჩვენებელზე (43) საგრძნობლად დაბალია. შედეგად, რეგიონი კორუფციის აღქმის ინდექსში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button