skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: ამერიკული სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 29 იანვარს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყეს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

მანამდე ტელეკომპანია „პირველი“ იტყობინებოდა, რომ 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: სს „ატუ ჰოლდინგი“, სს „ტერა“, სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“.

TI საქართველოს ინფორმაციით, 29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიები საქართველოში: 1) Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა).

2024 წლის მაისში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც რიგ საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს კომპანიებს და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც საკუთარი აქტივების ოფშორიდან საქართველოში გადმოტანას გადაწყვეტენ. კანონმა საქართველოში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კანონის ოპონენტები შიშობენ, რომ ის საქართველოს შავი ფულის ცენტრად აქცევს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას შესაძლო დასავლური სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

„მაღალი ალბათობით, კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესდა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით““, – აცხადებს ორგანიზაცია.

მისივე თქმით, გადაფორმებები ეხება ივანიშვილების ოჯახის იმ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი უფიქსირდებათ. ჯამში ამ კომპანიების განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარს შეადგენს. აღსანიშშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია), უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“.

2025 წლის 17 იანვარს, სს „ტერამ“ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან (Limestone Finance International SA, რეგისტრირებული პანამაში), უსასყიდლოდ გადმოიფორმა 7 კომპანია, მათ შორის შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „ინვესტ კაპიტალი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ბლექ სი არენა“ და შპს „ჯეოფერტ“.

ამასთან, 20 იანვარს ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანიის (GCF Luxembourg SARL) გავლით მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა: სს „ქართული აგრო სახლი“, სს „გეოაგრო“, სს „გალერია თბილისი“ და სს „სიშორ“.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“, ხოლო უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“, რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32,087,800 ლარს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს დაკვირვებას ბიძინა ივანიშვილი კომპანიებზე, თუ როგორ ცდილობს ის სანქციებისგან თავის დაცვას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button