ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს
საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ 2024 წელს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს.
თანამდებობის პირთა შორის, რომელთა ქონებრივი დეკლარაციებიც შემოწმდება, არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები და პარლამენტის წევრები. შემოწმება ასევე შეეხება თბილისის მერს, კახა კალაძეს.
დოკუმენტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომუშავე თანამდებობის პირების, ასევე საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის, საქართველოს ფოსტის, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერეატორის (ესკო), საქართველოს განვითარების ფონდის, ეროვნული ბანკის, პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს, სატყეო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებაზე.
22 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ძალისხმევით, 2024 წელს დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ წინა წლების სტატისტიკით, თითქმის ყოველი მეორე თანამდებობის პირი ქონებას არასრულად ასაჯაროებს, რის გამოც ჯარიმდება.
ორგანიზაციის თქმით, შესამოწმებელი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ფარგლებში სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია, რომლის შექმნის კოორდინაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ითავა. ამავე ინფორმაციით, დეკლარაციების შემრჩევი კომისია წლების განმავლობაში ვერ იქმნებოდა (2018-22 წლებში მხოლოდ ერთხელ – 2019-ში შეიქმნა), რის გამოც ამ წლებში კანონით გათვალისწინებულზე ორჯერ ნაკლები დეკლარაცია შემოწმდა (მაგ: 600-ის ნაცვლად – 300).
კომისიის წევრები არიან:
- გიორგი დავითაური (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი);
- ქეთევან შოშიაშვილი – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
- თამარ ხუხია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ნინო დოლიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ალექსანდრე კუხიანიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/01/2024 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოს სტუმრობს
- 19/12/2023 – ვენეციის კომისია: ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა არსებული სახით არასაკმარისია
- 01/09/2023 – პარტიების ფინანსური აუდიტი ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაიბარა
- 01/12/2022 – პარლამენტმა „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნისთვის საჭირო ცვლილებები დაამტკიცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)