skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოს სტუმრობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ 17-18 იანვარს საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

რიჩარდ ნეფიუ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, შალვა პაპუაშვილმა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. მან ასევე მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს.

რიჩარდ ნეფიუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატია მაქსიმალურად კარგად ფუნქციონირებდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებებით. ​რიჩარდ ნეფიუმ გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორთან გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუსთან. ვისაუბრეთ საქართველოს მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგზე და გამოცდილებაზე, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას, რათა მომავალშიც უზრუნველვყოთ დემოკრატია ხალხისთვის გლობალური მასშტაბით“, – დაწერა პაპუაშვილმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ანტი-კორუფციული ბიუროს უფროსთან

ვიზიტის ფარგლებში რიჩარდ ნეფიუ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

მხარეებმა ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებზე ისაუბრეს. ანტი-კორუფციული ბიუროს ინფორმაციით, კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო გლობალურ ინდექსებში კორუფციის დაბალი დონით მოწინავე პოზიციას იკავებს“.  მან ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საუბარი ასევე შეეხო დიგიტალიზაციის პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას. ბიუროს უფროსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების განვითარება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტულია.

ამავე ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა დაადასტურა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს „კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი რეფორმების ეფექტურად განხორციელების პროცესში“.

შეხვედრა სუს-ის წარმომადგენელთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ალექსი ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა „კორუფციის შესახებ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიცია“ და სამსახურის ანგარიშვალდებულებებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციებზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასა და ანტიკორუფციული მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.

ალექსი ბატიაშვილმა და რიჩარდ ნეფიუმ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილეს და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე ისაუბრეს.

შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენელთან

ვიზიტის ფარგლებშუი რიჩარდ ნეფიუ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეს ბაკურ აბულაძეს შეხვდა.

აბულაძემ ნეფიუს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯების, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ბაკურ აბულაძის თქმით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს“.

რიჩარდ ნეფიუმ, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანტიკორუფციული ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გააცნო და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

პირველი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრას სხვებთან ერთად ესწრებოდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და სამოქალაქო იდეის წარმომადგენლები.  მათი თქმით, საუბარი შეეხო საქართველოში კორუფციის საკითხებს, მათ შორის სტრუქტურულ პრობლემებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ელიტურ კორუფციასა და საქართველოს ანტი-კორუფციული ბიუროს ფუნქციონირებას.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button