
უფლებადამცველები: „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები ფუნდამენტურ უფლებებს საფრთხეს უქმნის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 6 თებერვალს დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფების მიერ დაანონსებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება და რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი უშუალოდ უქმნიან საფრთხეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ამ ცვლილებებს „დიქტატორულ წესებს“ უწოდებს, რომელთა მიზანიც მიმდინარე პროევროპული აქციების ჩახშობა და საზოგადოებაში შიშის დანერგვაა. ორგანიზაციის თქმით, „რეპრესიული წესები წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას იმ უფლებებზე, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით. ისინი ასახავენ ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმების სტრატეგიას“. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციამ ასევე გამოხატა შეშფოთება დაანონსებული ცვლილებების გამო და მას „ახალი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი“ უწოდა.
ხულიგნობის დეფინიციის შეცვლა
ანგარიშის მიხედვით, ხულიგნობა საჯარო სივრცეში დასჯადი ხდება. არსებული პრაქტიკით საჯარო სივრცედ სოციალური მედიაც მოიაზრება. „შესაბამისად, თუკი სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივი წესრიგი ან მოქალაქეთა სიმშვიდე დაარღვიეთ, პატიმრობა გემუქრებათ“, – ნათქვამია ანგარიში. ამასთან, მკაცრდება პასუხისმგებლობა ხულიგნობისათვის. მაქსიმალური ჯარიმა 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 20 დღემდე იზრდება. ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 2 000 დან 5 000 ლარამდე და პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება. TI საქართველო აცხადებს, რომ ხულიგნობის დეფინიციის შეცვლა მიზნად ისახავს „ქართული ოცნებისთვის” არასასურველი აზრის გამოხატვის შეზღუდვას და დასჯას, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში, სადაც „ძალადობრივი რეჟიმის კრიტიკა განსაკუთრებით მასშტაბურია“.
ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის კრიმინალიზაცია
შემოთავაზებული ცვლილებების, პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან შეურაცხმყოფელი გადაკიდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 6000 ლარიანი ჯარიმით ან 60 დღიანი პატიმრობით დაისჯება. „შეურაცხყოფა თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სამსახურებრივ საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს“, – ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, სამართალდამცავის „ლანძღვა-გინებისათვის” პატიმრობა 15-დან 60 დღემდე, ხოლო მაქსიმალური ჯარიმა 4 500 ლარიდან 6 000 ლარამდე იზრდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ ეს ზომები ფაქტობრივად აუქმებს გამოხატვის თავისუფლებას და მიზნად ისახავს ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვას საზოგადოების კრიტიკისგან.
3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ძალადობისკენ საჯარო მოწოდებისთვის
ცვლილებები ითვალისწინებს „ძალადობისკენ საჯარო მოწოდების“ კრიმინალიზაციას, თუნდაც ეს არ იწვევბდეს რაიმე ზიანს. დამრღვევებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხაზს უსვამს, რომ მსგავსი კანონები ავტოკრატიულ რეჟიმებში საპროტესტო ლიდერების დასასჯელად და აქტივისტების დასაშინებლად გამოიყენება და „ამ შემთხვევაში არც ქართული ოცნება იქნება გამონაკლისი“. აღნიშნულ ნორმას „ექნება მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე“, აცხადებს ორგანიზაცია.
მკაცრი შეზღუდვები მომიტინგეების მიმართ
დაანონსებული ცვლილებები მკაცრად ზღუდავს პროტესტის ადგილებსა და მეთოდებს. დემონსტრაციები დახურულ სივრცეებში ან შენობებში აკრძალული იქნება მფლობელების წინასწარი თანხმობის გარეშე. აიკრძალება მაგისტრალების, ხიდების, გვირაბების და სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება და „აქციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და მოძრაობის აღდგენის შესახებ მერიების ნაცვლად გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს“. გარდა ამისა, ტრანსპორტის გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნასთან ერთად დასჯადი ხდება აქციის მონაწილეების მიერ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნა. შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის მინიმალური ჯარიმა 500 ლარიდან 2000 ლარამდე, ხოლო პატიმრობა 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება.
TI საქართველო აცხადებს, რომ ეს შეზღუდვები მიზნად ისახავს მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და პოტენციური მომიტინგეების შეკავებას. „ამჟამად, როდესაც აქციის მონაწილეები აქტიურად მიმართავენ პროტესტისათვის საუნივერსიტეტო სივრცეებს რეჟიმის მთავარი მიზანი შეკრების ადგილების შეზღუდვაა“.
პირადი ჩხრეკა მოწმეების გარეშე
მოქმედი კანონით გასასინჯ პირს უფლება აქვს მოითხოვოს გასინჯვისას ორი პირის დასწრება. ცვლილებებით ეს გარანტიები უქმდება და გასინჯვა შესაძლოა ჩატარდეს ერთი დამსწრის თანდასწრებით, ისიც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში. TI საქართველო აცხადებს, რომ ცვლილებებით პოლიცია იმარტივებს აქტივისტების პირადი გასინჯვის პროცედურას, რაც „მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების უფლებას დაიცვან თავი პოლიციის თვითნებობისაგან“.
აქციის დროს კარვის გაშლისა და სცენის მოწყობის აკრძალვა
თუ შემოთავაზებულ ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაამტკიცებს, აიკრძალება დროებითი კონსტრუქციის (მაგ. კარავის გაშლა, სცენა) მოწყობა, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. „ამ უფლების ჩამორთმევით “ქართულ ოცნებას” სურს დაამყაროს სრული კონტროლი აქციის ფორმაზე და შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, – აცხადებს ორგანიზაცია.
აქციის ორგანიზატორის დეფინიციის გაფართოება
იცვლება შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორის განმარტება და ასეთად მიიჩნევა მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს აქციის ჩატარებას. ორგანიზაციის თქმით, თუკი შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, მუნიციპალიტეტში განცხადება უნდა შეიტანოს პასუხისმგებელმა პირმა/აქციის ორგანიზატორმა.
წინასწარი შეტყობინება სპონტანური შეკრების შესახებ
ცვლილებების თანახმად, თუ შეკრება ან მანიფესტაცია, დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო, აქციის ორგანიზატორებს მაინც აქვთ ვალდებულება გააფრთხილონ მუნიციპალიტეტი. „ეს წესი მოქმედებს მაშინ, თუკი აქცია ტრანსპორტის სავალ ადგილზე იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ გაფრთხილების გარეშე სპონტანურად შეკრება კანონის დარღვევად ჩაითვლება.
6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური თანამდებობის პირზე მუქარისათვის
შემოთავაზებული ცვლილებებით, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის მუქარა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენის შემთხვევაში კი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. TI საქართველომ აღნიშნა, რომ რიგით მოქალაქეზე მუქარა მხოლოდ იმ შემთხვევაში ისჯება, თუ მუქარა სიცოცხლის მოსპობას, ჯანმრთელობის დაზიანებას ან ქონების განადგურებას ეხება. „რეპრესიული რეჟიმის პირობებში აღნიშნული წესი მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია პოლიტიკური გამოხატვისათვის, დანერგავს შიშს და იქცევა იარაღად ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში.
საიას შეფასება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მკაცრად გააკრიტიკა შემოთავაზებული ცვლილებები და მათ „ახალი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი“ უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, „ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების კიდევ უფრო შესუსტებას“.
უფლებადამცველების კრიტიკას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, „„დიფ სთეითის“ მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობა გრძელდება და რომ მმართველ პარტიას სჭირდება შესაბამისი ბერკეტები, რათა მართოს ქვეყანა და ემსახუროს მოქალაქეებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)