ახალი ამბები

2021 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს ქულა გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი ერთი ქულით გაუარესდა, ვინაიდან, როგორც ორგანიზაციამ აღნიშნა, ქართულმა ოცნებამ „ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცველი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი“.

2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს და რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა ბოტსვანასთან, დომინიკასა და ფიჯისთან ერთად.

კვლევის ფარგლებში, ქვეყნების შეფასება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალით ხდება.

მართალია საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებს შორის პირველობას ინარჩუნებს, რეგიონი 100-დან 36 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა კორუფციის აღქმის ინდექსში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში და ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე „სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება“.

2020 წლის კვლევაში საქართველო 56 ქულით 180 ქვეყენას შორის 45-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2019 წელს ქვეყანას 56 ქულა ჰქონდა და 44-ე ადგილზე იყო.

2018 წელს საქართველო 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2017 წელს 56 ქულა მიიღო და 46-ე ადგილზე იყო. საქართველოს 2015 და 2014 წელს 52 ქულა ჰქონდა, 2013 წელს – 49, ხოლო 2012 წელს – 52.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობისთვის კორუფციასთან ბრძოლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს“.

ორგანიზაციის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ „ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს“.

„ბოლო წლებში არ განხორციელებულა იმგვარი მასშტაბის ან ამბიციის რეფორმა, რომელიც ანტიკორუფციულ გარემოს გააუმჯობესებდა“, – აღნიშნა ორგანიზაციამ და დასძინა, რომ ამგვარი დამოკიდებულება „უკიდურესად სახიფათოა“.

ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს ქულა მეტწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ „ქვეყანაში დაბალია წვრილმანი მექრთამეობა“.

თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რიგი სხვა საკითხებიც დაასახელა, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, მათ შორის, არაფორმალური მმართველობა, ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში, გაწონასწორებისა და შეკავების დემოკრატიული სისტემის დასუსტება, პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში, მაღალი დონის კორუფცია და შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button