skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველო“: თანამდებობის პირების ყოველი მე-2 დეკლარაცია დარღვევეითაა შევსებული

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 24 მარტს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს 346 თანამდებობის პირის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ყოველი მეორე დეკლარაცია (181- 52%) დარღვევებით იყო შევსებული. ბიუროს გადაწყვეტილებით, 136 თანამდებობის პირი (39%) დააჯარიმეს, 45 (13%) კი – გააფრთხილეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

დარღვევების მაღალი მაჩვენებელი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, 2022 წელს დეკლარაცია დარღვევებით ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს (83%) და ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით (42%) მკვეთრად გაუარესდა. დარღვევების მაღალი მაჩვენებელი ასევე აქვთ: სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (67%), მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს (55%). დეკლარაციები დარღვევით აქვთ შევსებული საიდუმლო თანამდებობის პირებსაც. 27 ასეთი შემოწმებული დეკლარაციიდან 11-ში (41%) დარღვევა აღმოჩნდა.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად აქვთ. „მაგალითად, სამი და მეტი ტიპის დარღვევა თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტს (53%) უფიქსირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია. ეს, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, როგორც ანტიკორუფციულ მექანიზმს“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, 2022 წელს ყველაზე ხშირად (78%-ში) დეკლარანტებმა არ მიუთითეს ან/და არასწორად მიუთითეს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის, ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებული მატერიალური სარგებელი.

„თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების წარდგენისას ინფორმაციის მასშტაბურად დამალვა/არ მითითება ან არასრულად წარდგენა, გარდა იმისა რომ კანონის პირდაპირი დარღვევაა, ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან გარე მონიტორინგის სრულყოფილად განხორციელებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

2022 წელს პროკურატურას შესასწავლად არცერთი დეკლარაცია გადაუგზავნეს

„2022 წელს, პირველად, დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არც ერთი დეკლარაცია არ გადაგზავნილა პროკურატურასთან“, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე განმარტებულია, რომ 6 წლიანი მონიტორინგის შედეგად ჯამში პროკურატურაში მხოლოდ 11 დეკლარაცია გაიგზავნა, ეს კი იმ ფონზე, როდესაც „წლიდან-წლამდე იზრდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების, სავარაუდო შემთხვევათა სია“.

რეკომენდაციები

თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში გამოვლენილი ხარვეზების ფონზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ საჭიროა:

  • გაიზარდოს დეკლარანტ პირთა წრე და დაემატოს ყველა დონის პროკურორი, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლები და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლები;
  • განახლდეს დეკლარაციით გათვალისწინებული წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა. მაგალითად, საჯარო უნდა გახდეს თანამდებობაზე დანიშვნამდე და გათავისუფლების შემდეგ გაწეული ანაზღაურებადი საქმიანობა;
  • საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას უნდა გააძლიეროს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის კომპონენტი და სრულად გაასაჯაროოს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button