Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში

საერთაშორისო გამჭირვალობის ყოველწლიურ კვლევაში – „კორუფციის აღქმის ინდექსი“ -საქართველოს მაჩვენებელი 2019 წლის იდენტური დარჩა. ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნის „ანტიკორუფციული ძალისხმევა უკვე თითქმის ათწლეულია შეჩერებულია“.

2020 წლის კვლევაში საქართველო 56 ქულით 180 ქვეყენას შორის 25-ე ადგილზეა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში უმაღლესი მაჩვენებელია. საქართველო 45-ე ადგილს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან ერთად იყოფს.

კვლევის ფარგლებში, ქვეყნების შეფასება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალით ხდება.

კორუფციის აღქმის ინდექსი აფასებს 180 ქვეყანასა და ტერიტორიას, საზოგადოებაში აღქმული საჯარო სექტორის კორუფციის დონით, ექსპერტებისა და ბიზნეს საქმიანობით დაკავებული პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

2019 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა ჰქონდა და 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე იყო. 2018 წელს საქართველო 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2017 წელს 56 ქულა მიიღო და 46-ე ადგილზე იყო. საქართველოს 2015 და 2014 წელს 52 ქულა ჰქონდა, 2013 წელს – 49, ხოლო 2012 წელს – 52.

2020 წლის ანგარიშის თანახმად, გადაუჭრელი რჩება „სახელმწიფო მიტაცებისა და საკვანძო ინსტიტუციებზე არაფორმალური გავლენის“ საკითხები, რასაც ორგანიზაციამ 2019 წელსაც გაუსვა ხაზი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2020 წლის ეროვნულ ანტიკორუფციულ შეფასებაზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ საჯარო ინსტიტუტებზე „არათანაზომიერი კონტროლი“ კონცენტრირებულია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში, რომელიც ხშირად მედიასა და კერძო სექტორზე გავლენის გავრცელებისკენაც მიისწრაფვის.

„არაფორმალურმა, პარტიულმა გავლენამ სამართალდამცველი უწყებები რეალურად უუნარონი გახადა, გამოიძიონ შესაძლო მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„ასევე, სახელმწიფო მიტაცება გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო სისტემა სათანადოდ არ ზედამხედველობენ აღმასრულებელ შტოს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის „პრივილეგირებული წვდომა“ საჯარო რესურსებსა და „აშკარა მზაობა გაცვალონ სამთავრობო კონტრაქტები შემოწირულებებზე“, ძირს უთხრის პოლიტიკურ კონკურენციას და პლურალისტური მმართველობის წარმოშობას ნაკლებად შესაძლებელს ხდის.

ორგანიზაციის შეფასებით, სწორედ ამ სიტუაციის შედეგია განმეორებითი ქუჩის პროტესტები და პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საბოლოოდ ოპოზიციის მიერ „არჩევნების გაყალბების“ ბრალდებების ფონზე, ახალი პარლამენტის ბოიკოტით დასრულდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ურჩევს „დაიბრუნოს“ ანტიკორუფციული მუხტი, მათ შორის, კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ხელშეწყობით და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს დაარსების მეშვეობით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button