ახალი ამბები

კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მიღებიდან მე-20 წლისთავზე საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდეს

2023 წლის 9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მიღებიდან 20 წელი შესრულდა და ასევე კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც აღინიშნება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია აღიარებს საქართველოს პროგრესს კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა იმასაც უსვამს ხაზს, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. იგივე გზავნილი გააჟღერა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 9 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩის მიმართვა

ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება წინსვლის ნაწილია, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის გადამწყვეტი კომპონენტი და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გზის ერთ-ერთი ნაბიჯია.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ კორუფცია ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას, ანელებს ეკონომიკურ განვითარებას და ხელს უწყობს არასტაბილურობას. „ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, რათა უზრუნველყოს კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სტანდარტების პატივისცემა და დაცვა“, – დასძინა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებით გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველო მსოფლიოში ცნობილია წარმატებული ანტიკორუფციული რეფორმებით, რომელიც მან წლების წინ ჩაატარა. შედეგად საქართველოში დაბალ დონეზე კორუფცია აღმოიფხვრა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა.

განცხადებაში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ  „ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდებოდა ელიტურ კორუფციას. ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სადაც სულ უფრო მეტი კითხვა ისმის სახელმწიფო მიტაცებასა და კლეპტოკრატიაზე“.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების გატარების აუცილებლობა ხაზგასმულია როგორც 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტში, ისე ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  • დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები;
  • უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; შეასრულოს ბიუროსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. დეკლარაციების მონიტორინგის დროს ბიურომ უნდა გამოავლინოს თანამდებობის პირთა დაუსაბუთებელი ქონება და ასეთ შემთხვევებზე უნდა დაიწყოს გამოძიება;
  • შეიმუშაოს და დაამტკიცოს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მისი სრულყოფილად განხორციელება რეალისტურ ვადებში, შესაბამისი დაფინანსებითა და მონიტორინგის მეშვეობით;
  • დაუბრუნდეს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის“ (OECD/ACN) ანტიკორუფციული გარემოს შეფასების პროცესს, რომელიც მან 2023 წლის თებერვალში დატოვა და სრულად შეასრულოს წინა შეფასების რეკომენდაციები;
  • განაახლოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით იმგვარად, რომ შედეგად პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და ეკონომიკის სფეროები გათავისუფლდეს გავლენიანი პირადი ინტერესებისგან და მათი გავლენისგან;
  • გაატაროს სასამართლო სისტემის სრულყოფილი რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. უფრო კონკრეტულად კი, შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, იმ კანდიდატებისა და პირებისათვის, რომლებიც ამჟამად დანიშნული არიან სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობებზე;
  • შეცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი, რათა ის არჩეულ იქნას პარლამენტში უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, კვალიფიციური უმრავლესობით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button