„TI საქართველო“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის ნაკლოვანებებზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 21 აპრილს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც დადებითად აფასებს ანტიკორუფციული ცენტრალიზებული ორგანოს შექმნას, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონი ნაკლოვანია, რადგანაც „ბიუროს არ ანიჭებს საგამოძიებო ფუნქციას და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის ფუნქციად რჩება“.
ორგანიზაციის განმარტებით, პრობლემურია ასევე ინსტიტუციის დამოუკიდებლობის გარანტიები და მისი ანგარიშვალდებულება. ასევე, კანონით არ არის უზრუნველყოფილი ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციაზე მისაწვდომობის სათანადო გარანტიები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ბიუროს მიერ ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის.
ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტებით, იმისათვის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ წარმატებით შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების უფლებამოსილება, რასაც მოცემული მომენტისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასრულებს. ამასთან, ის უნდა ასრულებდეს საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, მათ შორის, მამხილებელთა დაცვას, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სამართლებრივი ნორმების შესრულების კონტროლს.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანიშვნა
ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ პრობლემურია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პრემიერს მიერ დანიშვნაც, რადგან „ეს ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის“. „ამასთანავე, პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუროს უფროსის პოლიტიკური კონსენსუსით არჩევის მისაღწევად“.
დოკუმენტში პრობლემურია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილი კრიტერიუმებიც და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები საკმარისი არ არის, „ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელისათვის, რომელსაც თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე, შესაძლოა, პოლიტიკური თანამდებობის პირების საკითხის შესწავლაც მოუწიოს“. „სასურველია, მას სულ მცირე ათწლიანი პროფესიული გამოცდილება და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ჰქონდეს“.
ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულება
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, მიუხედავად საკანონმდებლო ჩანაწერისა, ბიუროს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება „ძირითადად ფორმალური და დეკლარაციული ხასიათისაა“. კერძოდ, ორგანიზაციის განმარტებით, ბიუროს ანგარიშს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და დადგენილებას იღებს. თუმცა, „რეგლამენტი არ შეიცავს ჩანაწერს თუ რას უნდა შეიცავდეს დადგენილება“. ამდენად „მიზანშეწონილია რეგლამენტში გაიწეროს, რომ დადგენილებით არა მხოლოდ უნდა შეფასდეს ანგარიში, არამედ განისაზღვროს პარლამენტის დავალებები და მათი შესრულების მონიტორინგის ვადები“.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადა და ხელშეუხებლობა
დოკუმენტის თანახმად, ხარვეზიანია კანონის ის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც ბიუროს ხელმძღვანელის 6-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე უფლებამოსილებას ძველი ასრულებს. ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს ასევე შეზღუდვას, თუ მაქსიმუმ რამდენჯერ შეიძლება იყოს პირი არჩეული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად.
„მიზანშეწონილია კანონი კრძალავდეს სამსახურის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ… დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირებისა და დემოკრატიული მმართველობისთვის ასევე აუცილებელია აკრძალული იყოს პირის არჩევა თანამდებობაზე ზედიზედ ორი ვადით“.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიებს, „მაგალითად მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი ჩხრეკის აკრძალვას საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე“.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის მნიშვნელოვანია ანტიკორუფციულ ბიუროს წვდომა საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან კანონით იყოს გარანტირებული, „რაც ასევე წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“.
რეკომენდაციები
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონის ნაკლოვანებებზე ხაზგასმის ფონზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ:
- ანტიკორუფციული ბიურო ფუნქციურად უნდა გაძლიერდეს და კორუფციულ დანაშაულთა გამოძიება მისი ფუნქცია გახდეს;
- უნდა გაიზარდოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა. მისი უფროსი პარლამენტის მიერ პოლიტიკური კონსენსუსით ინიშნებოდეს და კანონი ადგენდეს მისი ხელშეუხებლობის გარანტიებს;
- უნდა გაიზარდოს ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. ბიუროს ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი, ანგარიშის შეფასებასთან ერთად, უნდა განსაზღვრავდეს პარლამენტის დავალებებს და მონიტორინგის ვადებს და სხვ.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/02/2023 – პრემიერმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დანიშნა
- 07/02/2023 – პრემიერს ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი წარუდგინეს
- 05/01/2023 – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია
- 02/12/2022 – „TI საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შესახებ კანონის ნაკლოვანებებზე საუბრობს
- 26/10/2022 – ქართული ოცნება „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს დაარეგისტრირებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)