skip to content
ახალი ამბები

GRECO მაღალჩინოსნებისა და პოლიციელების მიმართ უფრო ძლიერი ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ – „სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ“ (GRECO), 9 ივლისს საქართველოს შესახებ შეფასების მე-5 ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მაღალჩინოსნებისა და პოლიციელების მიმართ უფრო ძლიერი ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) არის ევროპის საბჭოს ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თავისი წევრების შესაძლებლობები კორუფციასთან საბრძოლველად, ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის მონიტორინგის გზით. GRECO ეხმარება სახელმწიფოებს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის ხარვეზების იდენტიფიცირებაში, რაც ხელს უწყობს საჭირო საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული რეფორმების განხორციელებას.

ანტიკორუფციულ ბიუროს დამოუკიდებლობა აკლია

ანგარიში დადებითად აფასებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებას, რასაც 2023 წელს ანტიკორუფციული ბიუროს დაარსება მოყვა. თუმცა, ანგარიშის თანახმად, ახლადშექმნილ სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული საფრთხეები და გამოითქვა შეშფოთება ახალი ორგანოს დამოუკიდებლობის შესახებ. „ამრიგად, უნდა გადაიხედოს ანტიკორუფციული ბიუროს სამართლებრივი ჩარჩო, გაიზარდოს მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა და ეფექტური საქმიანობისთვის აღიჭურვოს სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

მაღალი თანამდებობის პირებს შორის კორუფცია შეუმოწმებელია

არ არსებობს „კონკრეტული სტრატეგია“ უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებთან მიმართებით კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, 2020 წლიდან არ შემუშავებულა ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებს შორის ანგარიშში ჩამოთვლილია პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მრჩევლები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილეები და მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

ამიტომ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კორუფციის აღსაკვეთად, GRECO კონკრეტული ანტიკორუფციული პოლიტიკის მიღებისკენ მოუწოდებს. ის ასევე მოითხოვს მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქცევის კოდექსის შემუშავებას და მკაფიო სახელმძღვანელო მითითებებს ინტერესთა კონფლიქტისა და კეთილსინდისიერების სხვა საკითხებზე. გარდა ამისა, ანგარიში უმაღლეს აღმასრულებელ თანამდებობებზე დანიშვნის პროცედურების კეთილსინდისიერების შემოწმების ნაკლებობასაც უსვამს ხაზს. ანგარიში ქონებრივი მდგომარეობისა და ფინანსური ინტერესების დეკლარაციების შერჩევის პროცესში რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.  

GRECO მთავრობის მრჩეველთა დანიშვნის პროცესში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის რეკომენდაციით გამოდის და საჩუქრებთან და სხვა სარგებელთან დაკავშირებით უფრო მკაცრო წესების ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.  

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი მაღალი თანამდებობის პირთა სისხლისსამართლებრივი გამოძიების და დევნის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობის აუცილებლობა.

პოლიციელებისათვის კეთილსინდისიერების სავალდებულო ტრენინგის უზრუნველყოფა

რაც შეეხება სამართალდამცველებს, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საპატრულო პოლიციაზე, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციაზე და აღნიშნავს, რომ კორუფციის პრევენციის მიმართულებით გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს.  „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რისკის მართვის ახალი მექანიზმების შექმნის პროცესშია, რომელიც ასევე გავრცელდება სამართალდამცველ უწყებებზე, ამჟამად არ არსებობს არც სპეციალური მოქმედი ანტიკორუფციული სტრატეგია პოლიციისთვის და არც კორუფციული რისკების ყოვლისმომცველი სურათი. ამასთან, არ შეფასებულა რისკები კონკრეტულ სამართალდამცველ ორგანოებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

GRECO აცხადებს, რომ საჭიროა დამატებითი ზომები ბიოგრაფიული მონაცემების/თანამდებობასთან შესაბამისობის რეგულარულად შესამოწმებლად პოლიციელის მთელი კარიერის განმავლობაში, უფრო ხშირად კი მათ შესამოწმებლად, ვისაც საკუთარი მოვალეობების შესრულებისას აქვს წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე. „ასევე აუცილებელია პოლიციელებისათვის კეთილსინდისიერების სავალდებულო ტრენინგის უზრუნველყოფა მთელი კარიერის განმავლობაში, ხოლო პოლიციის ეთიკის კოდექსი უნდა განახლდეს და შეივსოს პოლიციელების ყოველდღიურ პრაქტიკაში ქცევის შესახებ შესაბამისი რაოდენობის რეკომენდაციებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, „პოლიციაში აუცილებლად მისაღებია და პრაქტიკაში გასატარებელია ზომები მამხილებელთა დასაცავად“.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button