ახალი ამბები

არასამთავრობოები: „ქართული ოცნება“ აგრძელებს სასამართლო კლანის ინტერესების დაცვას

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულდებისთვის“, რომელიც სასამართლოს თემაზე მომუშავე 40-ზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძებო კომისიის შექმნის საკითხის ორჯერ ხელშეშლას ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსამართლეების მიმართ ე.წ. „სოლიდარობის აქტი“ „სინამდვილეში სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის – კლანის მხარდაჭერის გამოხატვაა“.

„ამასთან, ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების მიერ ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს“, – ნათქვამია კოალიციის მიერ 19 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიშიც ასევე ხაზგასმულია, რომ „სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე წლებია საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები“.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით, ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას“. „ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება”, სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს, უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია“, – აცხადებენ ისინი.

„საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა  მნიშვნელოვანია, რათა საპარლამენტო დონეზე შესწავლილი იქნას ისეთი საკითხები, რომლებიც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, მოსამართლეთა დანიშვნებს, საქმეთა განაწილებას, ინდივიდუალური მოსამართლისა და სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას“, – განაცხადა დღესვე ასევე სასამართლო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“.

ხაზს უსვამს რა, რომ„ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა სასამართლო რეფორმის გატარებაა“, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას არ ემსახურება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button