რობინ დანიგანი ნატოში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრობს
საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგანმა 14 ნოემბერს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რიგი საკითები მიმოიხილა, მათ შორის ნატოში საქართველოს ინტეგრაციის, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების საკითხებს შეეხო.
ნატოში ინტეგრაცია
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც „აგრეთვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის თვალსაზრისით“.
მან ეს მიღწევა საქართველოს, მის მოქალაქეებს, ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ოპოზიციურ პარტიებს მიულოცა და დეკემბრის შუა რიცხვებში დადებითი გადაწყვეტილების მიღების იმედი გამოთქვა.
გამოხატა რა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ნატოში საქართველოს მისწრაფებების მიმართ, ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ „ათწლეულებია ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან, სანაპირო დაცვის ძალებთან, რომ ისინი ნატოსთან მეტად თავსებადები იყვნენ. ჩვენი დახმარების შედეგად, ისინი ფლობენ ნატოსთან თავსებად იარაღს“.
ამავე თემაზე საუბრისას, ელჩმა განაცხადა: „გასავლელია აგრეთვე პოლიტიკური გზა. ნატო არის პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი. ვთვლი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაეხმარება [საქართველოს] საჭირო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაში. ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ვაპირებ გავაგრძელო ამ მიმართულებით ძალისხმევის მხარდაჭერა. უკვე ვიყავი ბრიუსელში და ვესაუბრე ჩვენს ელჩს, მუდმივ წარმომადგენელს ნატოში. ვესაუბრე აქ არსებულ ნატოს სამეკავშირეო ოფისს და ჩვენი საელჩოს თავდაცვის გუნდს. ყველანი ვიმედოვნებთ ამ გზაზე საქართველოსთვის მხარდაჭერის გაგრძელებას“.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ არ უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ნატოს „ღია კარი“ იქცეს „შესაძლებლობის ფანჯრად“, ელჩმა უპასუხა: „ალიანსის ყველა ასპექტთან მიმართებით ნაბიჯების გადადგმა, პოლიტიკური ასპექტის ჩათვლით. ნატოს წევრებს სჭირდებათ დაინახონ სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული დასავლეთში, გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯს დემოკრატიის განსამტკიცებლად. და კვლავ, ამას სჭირდება ერთიანობა და ეს უნდა იყოს პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციის პარალელურად წარიმართება“.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის სუვერენულ გადაწყვეტილებებს ხელი მოაწეროს შეთანხმებებს სხვადასხვა ქვეყნებთან. თუმცა, მან ხაზი გაუსვა ძლიერი მექანიზმების საჭიროებას, რაც უზრუნველყოფს, რომ საინვესტიციო და სავაჭრო გადაწყვეტილებები გამჭვირვალე, ხოლო გრძელვადიანი შედეგები გაცნობიერებული იქნება.
„სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა“, – განაცხადა დანიგანმა.
იგი ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ ჩინეთის ინტერესსაც შეეხო და განაცხადა, რომ „ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება“. მან ხაზი გაუსვა პორტის როლს შუა დერეფნის განვითარების საქმეში და დასძინა, რომ საქართველომ ზუსტად უნდა იცოდეს ვისთან თანამშრომლობს და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ.
რუსული ოკუპაცია
ანაკლიის პორტზე საუბრისას, აშშ-ის ელჩი ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნის თაობაზე რუსეთის გეგმებსაც შეეხო და განაცხადა: „ეს არის პუტინის მიერ რუსეთის ვალდებულებების უხეშად უგულებელყოფის მაგალითი. თუკი ეს სიმართლეა, ეს იქნება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ პუტინი და კრემლი ძირს უთხრიან რეგიონის უსაფრთხოებას“.
რუსული ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა სთხოვა ელჩს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 6 ნოემბერს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკველობისა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების თაობაზე გაკეთებინა კომენტარი. ელჩმა დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის უმაღლესი პრიორიტეტი შეერთებული შტატებისთვის“.
„კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, პრეზიდენტ პუტინს შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც მათ აიღეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, რომელიც მოიცავს კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას, ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას, იმას, რომ არ გაამყარონ და კიდევ უფრო სახიფათო არ გახადონ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი… ჩემთვის, როგორც ელჩისთვის ეს კვლავაც პრიორიტეტული საკითხი იქნება“, – აღნიშნა მან.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ვიდრე საქართველო ნატოს შემადგენლობაში იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია თვალყურის მიდევნება მიმდინარე მოქმედებებისა და მსჯელობისთვის შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები და შეერთებული შტატები. მან შავი ზღვის სტრატეგიაზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული დისკუსიაც ახსენა და ჰკითხა ელჩს, თუ რა შეიძლება მიიღოს საქართველომ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად ამ სტრატეგიის ფარგლებში.
ელჩმა დანიგანმა აღნიშნა, რომ სტრატეგია ფოკუსირებულია უსაფრთხოების კოორდინაციის გაძლიერებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და დემოკრატიულ დისკუსიებზე შავი ზღვის პარტნიორებს შორის. ხაზი გაუსვა რა რეგიონის დაუცველობას უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მან აღნიშნა, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას, კავშირების გაღრმავებას და მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან, როგორიც საქართველოა, მომავალი აგრესიის წინააღმდეგ მედეგობის გასაძლიერებლად.
„ვინაიდან, გვწამს, ამით შავი ზღვა უფრო მედეგი, ჩვენი შავი ზღვის პარტნიორები უფრო ძლიერები იქნებიან მომავალი აგრესიის პირისპირ“, – განაცხადა ელჩმა.
2024 წლის არჩევნები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ არჩევნები და არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი უნდა იყოს „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე“, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესაბამისად. „დემოკრატიაში უმნიშვნელოვანესია მოქალაქის ხმა იყოს გაგონილი და ეს ხმა იყოს სამართლიანად დათვლილი, რომ მათ შეძლონ აირჩიონ ხელისუფლება, რომელიც სურთ“.
მისი თქმით, აშშ ჩაერთვება საარჩევნო პროცესში ცესკოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პროგრამებით. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოები ჩატარდება საერთაშორისო პარტნიორებთან მათი მოკლე და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების დროს. „უკვე ვესაუბრე ჩვენს ელჩს ეუთოში, მაიკლ კარპენტერს და მან მითხრა, რომ ეუთო და ODIHR-ი უკვე კონცენტრირებული არიან ამაზე. ასე რომ, ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორები: ევროსაბჭო, ODIHR-ი და ეუთო უკვე კონცეტრირებული არიან ქართველებთან, საქართველოს მთავრობასთან, ყველა პარტიასთან მუშაობაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ეს არსებითია“, – დასძინა მან.
სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი
სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ელჩმა დანიგანმა განაცხადა: „როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიებისთვის, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ვინაიდან ფარცხალაძე მაღალი თანამდებობის პირი იყო, ხომ არ აქვს აშშ-ს უფრო დიდი შეკითხვები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ელჩმა განაცხადა: „ეს იყო მასთან დაკავშირებული ძალიან სპეციფიკური სანქცია. არ მსურს იმის თქმა, რომ ის შეეხება რომელიმე სხვა თანამდებობის პირს, არამედ სპეციფიკურად ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება“.
ანტი-ამერიკული რიტორიკა
USAID-თან დაკავშირებულ „ტრენინგების საქმეზე“, რომელსაც სახელმწიფო უსაფრხოების სამსახური იძიებს, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ სავარაუდო „რევოლუციურ სცენარში“ USAID-ია ჩართულობა „სასაცილოა“. მან უარყო მტკიცებები, რომ აშშ-ს რომელიმე სამთავრობო უწყება ჩართულია დივერსიულ საქმიანობაში და განაცხადა, რომ ასეთი მტკიცებები უსაფუძვლოა.
„არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით. ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან – საზოგადოების ყველა სეგმენტთან, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას გაძლიერებაში, ეკონომიკურად მეტად განვითარებაში და ვთვლი, რომ ნამდვილად დავეხმარეთ საქართველოს იმის მიღწევაში, სადაც დღეს არის“, – განაცხადა ელჩმა.
დეზინფორმაციის თემაზე საუბრისას, იგი „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულების თეორიასაც შეეხო, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყენებენ. ელჩმა გაიმეორა, რომ ამ ტიპის ნარატივები „სასაცილოა“ და აღნიშნა, რომ აშშ მუშაობდა G7-ის ფორმატში სწორედ იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა შენარჩუნდეს. „…უნდა დასვათ შეკითხვა: საიდან მოდის ეს ნარატივი? ჩემი აზრით, ეს მოდის იმათგან, ვინც სარგებელს ნახულობს ასეთი ნარატივისგან და ვინც, სავარაუდოდ, საქართველოს გარეთ არის, თუმცა, სამწუხაროდ ეს ნარატივი შემდგომ აქ, შიგნით ძლიერდება. და, ვინ სარგებლობს ამით? – ქართველები ნამდვილად არა, ვინაიდან ეს არ არის, რის გაკეთებასაც შეერთებული შტატები ცდილობს“.
ინტერვიუს დასასრულს, დანიგანს ჰკითხეს იგეგმებოდა თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. მან უპასუხა, რომ ის ცდილობს შეხვდეს „ქართველების ფართო სპექტრს. დავიწყე მთავრობითა და თანამდებობის პირებით, მაგრამ ასევე შევუდექი შეხვედრებს პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ვცდილობ, გავცდე თბილისს და შევხვდე ქართველებს, რომლებიც მუშაობენ თავიანთ მცირე და საშუალო საწარმოებში, ფერმერებს… არ მაქვს ჩანიშნული ახალი შეხვედრები“.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/10/2023 – განახლება: რობინ დანიგანი ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს შეხვდა
- 12/10/2023 – აშშ-ის ახალმა ელჩმა პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- 31/03/2023 – აშშ-ის სენატში საქართველოში ელჩობის კანდიდატს მოუსმინეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)