ახალი ამბები

აშშ-ის სენატში საქართველოში ელჩობის კანდიდატს მოუსმინეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 30 მარტს გამართულ მოსმენაზე საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა საქართველოსთან მიმართებით მის გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა.

რობინ დანიგანი სენატს ამერიკელმა სენატორმა, დენ სალივანმა წარუდგინა, რომელმაც ისარგებლა შემთხვევით და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა. „გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი ამჟამინდელი პრობლემები რუსეთთან საქართველოში დაიწყო, ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში“, – თქვა სალივანმა და დასძინა – „ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად უპრეცედენტო იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მასშტაბისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით იყო კიდეც, მაგრამ ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოში [შეჭრით] მსოფლიომ პირველად გაიგო ის, რაც ელოდათ რუსეთის სუვერენულ მეზობლებს“.

თავის მხრივ, დანიგანმა განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის დადასტურების შემთხვევაში, ის ყურადღებას გაამახვილებს ოთხ პრიორიტეტზე: „უპირველეს ყოვლისა, ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდისა და საქართველოში ყველა ამერიკელის უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მეორე – მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ ევროკავშირთან, ნატოსთან და დასავლეთთან მტკიცე ინტეგრაციის ოცნების რეალიზაციაში. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ სარგებელს მოუტაბს საქართველოს მოქალაქეებს, არამედ, ღრმად მწამს, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშიც შედის. ჩვენ გვინდა დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე ქმედებების ზეწოლას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ გასაკეთებელი მეტია.”

„მესამე – გავაძლიერებ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების [ხელშეწყობას], მათ შორის, აშშ-ის ექსპორტის გაზრდისა და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდის [გზით]. ჩემი საბოლოო პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირება, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული მისი ტერიტორიის 20%. მე ვიმუშავებ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები“ – დასძინა მან.

მოსმენის დროს, სენატორმა კრის ვან ჰოლენმა ჰკითხა დანიგანს საქართველოში ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლებისა და „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტები იწვევს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საკანონმდებლო ზეწოლასთან დაკავშირებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ჰოლენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს, ჯერ კიდევ არსებობს რუსეთის გავლენის საშიშროება, განსაკუთრებით ქართველი მომიტინგეების თვალში. ამდენად, იგი დაინტერესდა დანიგანის პერსპექტივით რუსეთის გავლენის შესახებ ქართულ პოლიტიკურ სისტემაში და ამ მოვლენების შემდეგ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე.

კითხვაზე პასუხად დანიგანმა განაცხადა, რომ „უცხოეთის აგენტების“ გამო საქართველოში ბოლო დროს საპროტესტო აქციები დასავლეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციაზე ქართველი ხალხსი სურვილს გამოხატავს. დანიგანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში „ბოროტი“ საქმიანობით არის დაკავებული, მათ შორის, დეზინფორმაციით, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყანაზე. ამიტომ, მას მიაჩნია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დახმარების გაწევას საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის, კერძოდ, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, რაც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის. დანიგანმა ხაზი გაუსვა, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, მჭიდროდ ითანამშრომლებს მთავრობასთან, რათა მხარი დაუჭიროს მათ განხორციელებას.

სენატორმა პიტ რიკეტსმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის გავლენებზე გაამახვილა ყურადღება და ჰკითხა დანიგანს, თუ რით შეიძლება განეიტრალდეს რუსეთის მიერ საქართველოს გავლენის სფეროში მოქცევის მცდელობები.

კითხვის პასუხად, დანიგანმა თქვა: „მჯერა, რომ აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ გულწრფელნი საქართველოს მთავრობასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ ვნახეთ და ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ გულწრფელობას მთავრობასთან“. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლო სისტემის და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის მნიშვნელობას, საზოგადოების გაძლიერებისა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე ქმედებებისგან დასაცავად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობები ინფრასტრუქტურის განვითარების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გზით არსებითია დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობების სამომავლოდ განმტკიცებისთვის.

სენატორმა ტამი დაკვორთმა ელჩობის კანდიდატს ჰკითხა, რა პოზიცია აქვს საქართველოს უკრაინაში ომთან დაკავშირებით, რაზეც დანიგანმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და რომ ქვეყანამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით დაზიანებული ენერგოქსელის შესაკეთებლად საქართველოს მიერ უკრაინაში კრიტიკული ენერგეტიკული აღჭურვილობის გაგზავნა დაასახელა. მისივე თქმით, საქართველომ ასევე მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი და რუსი დისიდენტი, აქტივისტი და ჟურნალისტი, რომლებიც ომის დროს თავიანთი ქვეყნებიდან გამოიქცნენ.

კითხვაზე – თუ რა რეაგირება მოჰყვა საქართველოს მთავრობისგან რუსეთის უკრაინაში შეჭრას, კერძოდ, რატომ არ დაუწესეს სანქციები რუსეთს და ეხმარებიან თუ არა რუსეთს ქართული ბიზნესები არსებული სანქციების თავიდან აცილებააში? – დანიგანმა განმარტა, რომ სანქციების დაცვის უზრუნველყოფა შეერთებული შტატების პრიორიტეტია. მისი თქმით, აშშ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, ეროვნულ ბანკთან, კერძო და ფინანსურ სექტორთან, რათა არ მოხდეს სანქციების თავიდან აცილება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინას საერთაშორისო ფორუმებზე. „საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ გვინდა დავაფინანსოთ სანქციების თავიდან აცილების გზით რუსეთის ომის მანქანა და მისი სამხედროები მომავალი აგრესიისთვის. ასე რომ, ეს არის ის საუბარი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ საქართველოსთან. ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ჩვენი სპეციალური კოორდინატორი, ასევე სხვა აგენტები, უწყებათაშორისი ოფიციალური პირები ამ მნიშვნელოვანი დიალოგის გასაგრძელებლად მომავალ თვეში საქართველოში გაემგზავრებიან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button