ახალი ამბები

ჩინეთის ელჩი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისადმი ჩინეთის ინტერესზე საუბრობს

ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტებით და მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც დაასახელა. თბილისში 6 სექტემბერს ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, მან „სარტყელისა და გზის ინიციატივისა“ და „შუა დერეფნის“ რეგიონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და შუა დერეფნისმიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. ჩვენ თუ გვაქვს კარგი პირობები, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

რაც შეეხება წუხილებს, რომ საქართველოს მჭიდრო კავშირმა ჩინეთთან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის ევროპულ მისწრაფებებს, ჩინეთის ელჩმა ხაზგამისთ აღნიშნა, რომ ჩინეთიც და საქართველოც დამოუკიდებელნი არიან სტრატეგიული პარტნიორების არჩევისას. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს და ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ და დასძინა, რომ ამ თანამშრომლობის გარეშე „შუა დერეფანი“ წარმატებული ვერ იქნებოდა. „მაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი შუა დერეფანში ძალიან აქტიურია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის. ეს პრობლემა არ არის საქართველოსთვის, შესაძლოა, პირიქით“, – განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება ლოგისტიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციას ჩინეთსა და ევროპას შორის, ელჩმა განაცხადა, რომ „შუა დერეფანი“ მნივნელოვანია ჩინეთ-ევროპის ლოგისტიკისთვის. მისი თქმით,  შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ლოგისტიკა. „ჩვენ გვსურს, სარგებელი მივიღოთ ტურიზმიდანაც. როგორც ჩინეთში ვამბობთ, თუ გინდათ, გამდიდრეთ, პირველ რიგში, ააშენეთ გზები. ასე რომ, შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

როდესაც ელჩს ჰკითხეს, თუ რატომ არაა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში ნახსენები ოკუპირებული რეგიონები, მან უპასუხა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში. „ვფიქრობ, ეს განზრახ არასწორი მიდგომაა დოკუმენტის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის ბევრ დოკუმენტში მანამდე“, – დასძინა ჩინეთის ელჩმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button