ახალი ამბები

განახლება: რობინ დანიგანი ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული ელჩი, რობინ დანიგანი 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო 17 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს ქვეყანაში მისიის დაწყება მიულოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს, ასევე ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.

რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანთან საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე − ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე პრემიერმა ელჩს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და იმედი გამოთქვა, რომ განხორციელებული რეფორმები „სათანადოდ იქნება აღიარებული“.

პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რობინ დანიგანმა  შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 31 წლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას“. ელჩმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში გაწეულ დახმარებებს და საერთაშორისო მისიებში ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით ქართველი  სამხედროების მონაწილეობა გაიხსენა.

ასევე ელჩმა  მზადყოფნა გამოხატა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირსა  და ნატოში ინტეგრაციას. მან სურვილი გამოთქვა, რომ გაფართოვდეს ხალხთა შორის კავშირები და გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩს რობინ დანიგანს წარმატებები უსურვა ახალ საქმიანობაში და „გამოთქვა აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე მასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი“.

პარლამენტის ინფორმაციით, ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლების და მისი მისია იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ყველა მიმართულებით შემდგომი განმტკიცება და რომ ამ მხრივ მზად არის საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, აშშ-ის ახალი ელჩის გეგმები და ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს ფართე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრის შემდეგ ელჩმა განაცხადა, რომ მიმოიხილეს ყველა ის სამუშაო, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან და ნატოს-თან ინტეგრაციისთვის ასრულებს. მისივე თქმით, ასევე განიხილეს ეკონომიკური კავშირების, ვაჭრობის, ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების საკითხები.

ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ისრაელის მხარდაჭერისა და საერთაშორისო სანქციების დაცვისთვის.

რობინ დანიგანმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობას გაუსვა ხაზი და ყურადღება ხალხთაშორის კავშირებზე, ორმხრივ ვიზიტებსა და თანამშრომლობაზე გაამახვილა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button