Placeholder canvas
ახალი ამბები

ALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ 12 პრიორიტეტის შესრულებისკენ მოუწოდეს

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) 21 ოქტომბერს ბუქარესტში საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რომელიც ყოვლიცმომცველი რეფორმების საჭიროებასა და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაზე ამახვილებს ყურადღებას.

რეზოლუცია შემდეგ საკითხებს მოიცავს:

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი: ALDE-ს რეზოლუცია აცხადებს, რომ „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია“ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დააჩქაროს 12 პრიორიტეტის განხორციელება, რომელთაგანაც, „სამწუხაროდ, მხოლოდ სამია შესრულებული“.

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) შესაბამისობა: ALDE წუხს, რომ საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი CFSP-ის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან „გასულ წელს არსებული 44%-დან მიმდინარე წელს 31%-მდე შემცირდა“ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „სრულ შესაბამისობაში მოვიდეს CFSP-ის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან“.

საქართველოს ეროვნული ბანკი: რეზოლუცია სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაარღვია საერთაშორისო ფინანსური სანქციები იმით, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დასაცავად სანქციების აღსრულების წესებში ცვლილებები შეიტანა. ALDE მოუწოდებს მთავრობას და „ქართულ ოცნებას“ შეასრულონ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები.

ფიზიკური ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ: ALDE წუხს იმის გამო, რომ „ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის ფაქტები უფრო ინტენსიური გახდა“ და მოუწოდებს მთავრობას და ქართულ ოცნებას, შეწყვიტონ ძალადობა ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ.

კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ: რეზოლუცია კანონში შეტანილ ცვლილებებს „შემზღუდველად“ აფასებს, ვინაიცან ისინი ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ALDE მმართველ პარტიას ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები: ALDE სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველომ უგულებელყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელების შესახებ.

სუსი და USAID: რეზოლუცია სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად „USAID-ი, უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ქვეყანაში „არეულობის წაქეზებასა“ და „რევოლუციური სცენარების“ დაფინანსებაში დაადანაშაულა.

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: რეზოლუცია მოუწოდებს მთავრობას და „ქართულ ოცნებას“ უზრუნველყონ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული გადაყვანა მესამე ქვეყნებში იმ ფონზე, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

სახელისუფლებო პროპაგანდა: ALDE ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პროპაგანდაზე მიუთითებს და მოუწოდებს მათ შეაჩერონ ის.

ALDE პარტიების საბჭო ბუქარესტში 20-21 ოქტომბერს გაიმართა და საგანგებო რეზოლუციის ინიციატორები საქართველო, ნიდერლანდები და გერმანია იყვნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button