skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი: „დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა“.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ „სალომე ზურაბიშვილისგან მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს შემოიტანდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას“.

ღარიბაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, „სამწუხარო ფაქტია“, რადგან „ამით დადასტურდა, რომ სახელმწოფოს მეთაურმა, კონსტიტუცია დაარღვია“. მან აღნიშნა, რომ ეს ფაქტი „როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და როგორც რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ უხარია“.

„მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად რომ პრეზიდენტს სხვებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, მომავალი პრეზიდენტებისთვის კანონის და მთავარი კანონის –  კონსტიტუციის დაცვის მაგალითი მიეცა, პირიქით „უხეშად, დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია“.

პრემიერმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ თავიდანვე მოლოდინი  და „ილუზია“ არ იყო იმის, რომ უმრავლესობა პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს მოაგროვებდა, მაგრამ „ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, კანონმდებლები… უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონზე მაღლა, კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა“.

„ქალბატონი სალომესგან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი იმის, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს. ევროპული სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ სანაცვლოდ ამის სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს „არ გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის“ და  დასძინა, რომ „სალომე ზურაბიშვილს  1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, როცა იყო ოპოზიციაში. „ქართულმა ოცნებამ“ კი მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით“.

12 სექტემბერს 80-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე საჩივარი შეიტანა. სამდღიან მოსმენებზე პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი წარმოადგენდნენ. მოსმენებში მონაწილეობა მიიღო „ქართული ოცნების“ ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, ასევე ანრი ოხანაშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა და გიორგი კახიანმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button