“რუსთავი 2-ს“ ყოფილმა ჟურნალისტებმა სასამართლო დავა მოუგეს
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა და „მთავარი არხის“ მოქმედმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, პაატა იაკობაშვილმა სამივე ინსტანციით მოუგო დავა „რუსთავი 2-ს“. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტმა, თეო ზაქარაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ იაკობიშვილს სარჩელი 13 ივლისს დაუკმაყოფილა. ამ დღესვე მოხდა კიდევ ერთი ჟურნალისტის, თენგიზ გოგოტიშვილის სარჩელის დაკმაყოფილებაც.
მოცემული გადაწყვეტილებებით, „რუსთავი 2-ს“ ჟურნალისტებისთვის განაცდური ხელფასისა და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში იაკობაშვილის და გოგოტიშვილის ინტერესებს იცავდა.
- 21/08/2019 – „კურიერის“ წამყვანებმა „რუსთავი 2“ დატოვეს
იურისტმა, თეო ზაქარაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ დამატებით აცნობა, რომ მოსარჩელეები ტელეკომპანიისგან გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდნენ და სასამართლომ მათი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. იურისტის განმარტებით, ჟურნალისტებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობას ვერ დაასახელებს, რადგანაც ინფორმაცია კონფიდენციალურია. რაც შეეხება კომპენსაციას, „რუსთავი 2-მა“ ყოფილ თანამშრომლებს პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად ხელფასის ოდენობის 0.07% უნდა გადაუხადოს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე.
ცნობისთვის, პაატა იაკობაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის 20 აგვისტოს, მას შემდეგ დატოვა, რაც არხზე მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანები – გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, ასევე გასართობი გადაცემა „ნანუკას შოუს“ ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/05/2023 – ყოფილმა წამყვანმა „რუსთავი 2-ს“ სასამართლო დავა მოუგო
- 17/05/2023 – სააპელაციომ ძალაში დატოვა ეკა კვესიტაძის მიერ „რუსთავი 2-ისთვის“ ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილება
- 04/05/2022 – სასამართლომ ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლება უკანონოდ ცნო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)