ახალი ამბები

სასამართლომ ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლება უკანონოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო 2019 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2-დან“ საინფორმაციო სამსახურის მაშინდელი უფროსის, ნოდარ მელაძისა და ასევე ყოფილი წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლება და ტელეკომპანიას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა, რომელიც სასამართლოში ჟურნალისტების უფლებებს იცავდა, „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ სასამართლომ მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები გააბათილა და „რუსთავი 2-ს“ მელაძისთვის 80 000 ლარის, ჟორჟოლიანისთვის კი – 62 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ამასთან, სასამართლომ ტელეკომპანიას ჟორჟოლიანისთვის დამატებით 20 000 ლარამდე ოდენობის ხელფასის ანაზღაურებაც დაავალა, რომელიც მას წასმოვლისას არ გადაუხადეს. აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თანხას ყოველდღიურად ამ ხელფასის 0.07%-ც დაემატება.

ზაქარაშვილის განმარტებით, სასამართლომ მელაძის საქმეზე გადაწყვეტილება 4 მაისს, ჟორჟოლიანის საქმეზე კი – 21 აპრილს გამოაცხადა.

„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა საპროცესო უფლებას გამოიყენებს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებს. „მაგრამ ჯერ უნდა გავეცნოთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას“, – დასძინა მან.

ნოდარ მელაძემ, რომელიც ამჟამად „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსია, დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ ორწლიანი დავის შემდეგ, დამტკიცდა, რომ იგი „ბოლო წუთამდე მოვალეობას კეთილსინდისიერად“ ასრულებდა და სამსახურიდან „გამოგონილი მიზეზით“ გაუშვეს.

მელაძის პოსტის კომენტარების სექციაში ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც ამჟამად „მთავარ არხზე“ მუშაობს, მხოლოდ ის დაწერა, რომ „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ დავა მანაც მოიგო და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

ნოდარ მელაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად, სასამართლოს 2019 წლის სექტემბერში მიმართა. ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ისინი ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოტივით უკანონოდ გაათავისუფლეს.

ამბის წინაისტორია

ტელეკომპანია „რუსთავი-2-ში“ ცვლილებები 2019 წლის 18 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანიის წილები მისმა ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა.

იმავე დღეს, ქიბარ ხალვაშმა არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სამსახურიდან გაათავისუფლა და მის ადგილას თავისივე ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

წილების დაბრუნებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ იგი ტელევიზიას ყიდის. თუმცა, ტელევიზიის გასხვისების ერთკვირიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ მყიდველი არ გამოჩნდა.

შედეგად, ხალვაშმა, განაცხადა, რომ იგი ტელევიზიის „საკუთარი ძალებით გაჯანსაღებას“ იწყებდა. მანვე უპირველეს ვალდებულად ტელევიზიის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან გათავისუფლება, ხალხის სამსახურში ჩადგომა და მისთვის ნდობის დაბრუნება დაასახელა.

ამის შემდეგ, 2021 წლის 19 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო „რუსთავი 2-დან“ საინფორმაციო სამსახურის მაშინდელ უფროსს, ნოდარ მელაძესა და რამდენიმე სახეს უშვებდნენ.

შედეგად, იმავე წლის 22 აგვისტოს, „რუსთავი 2“ თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. ტელევიზიიდან წამოსულმა თანამშრომლებმა თითქმის ერთ თვეში ხელისუფლებისადმი კრიტიკული ორი ახალი ტელეარხი – „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ დააფუძნეს.

„რუსთავი 2-ის“ შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button