skip to content
ახალი ამბები

„რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა

36 საათზე მეტია „კურიერი“ ეთერში არ გასულა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების – „კურიერის“ თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. უკვე 36 საათზე მეტია, რაც საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გასულა და არც ტელეკომპანიის ვებგვერდი განახლებულა. მაუწყებლის საიტზე 21 აგვისტოს დაწერილი ერთადერთი სიახლე  იტყობინებოდა, რომ „კურიერი“ ეთერში არ გავიდოდა.

ამბის ქრონოლოგია

არხიდან ჟურნალისტებმა წასვლა 20 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, ასევე გასართობი გადაცემა „ნანუკას შოუს“ ავტორი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

სალიამ გადაწყვეტილების მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი და აღნიშნულ ჟურნალისტთა სავარაუდო ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობა დაასახელა. მან ამ ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებაც არ გამორიცხა.

იმავე საღამოს, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, ტელეკომპანია პირველებმა 9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს. მათ მაყურებელს დაახლოებით 4 წუთიანი გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს. ჯოჯუასა და სესიაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება შეწყდა. „კურიერი“ ეთერში ამ დრომდე აღარ გასულა.

იმავე დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის დატოვების გადაწყვეტილება კურიერის კიდევ ერთმა წამყვანმა პაატა იაკობაშვილმა გაახმაურა. უკვე 21 აგვისტოს, არხი „კურიერის“ თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის, „რუსთავი 2“-დან 57 ჟურნალისტია წასული.

„რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი ვერ იმუშავებენ არხზე, რომელიც ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ არის „ოკუპირებული“ და რომ მას „დითირამბებს“ ვერ უმღერებენ. ჟურნალისტების თქმით, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ მათ დარჩენა და მუშაობის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა მათ „სახელისუფლო“ ტელევიზიაში მუშაობა არ სურთ.

„სამწუხარო რეალობაა ქართული მედიისთვის და ზოგადად ქვეყნისთვისაც, სამწუხაროზე უფრო მეტი, ალბათ, ტრაგიკული რეალობაა ის, რაც ხდება… ვისთვისაც განსხვავებული აზრი მნიშვნელოვანია და არა კონკრეტული ადამიანები, ვისაც ისინი ეკრანზე ხედავდნენ, ეს არის ტრაგიკული დასასრული ამ ყველაფრის“, – განაცხადა არხის ერთ-ერთმა სახემ თამარ ბაღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დროისთვის ასევე ცნობილია, რომ „რუსთავი 2“ შაბათისა და კვირის შუადღის გადაცემათა წამყვანებმაც დატოვეს. არხზე არსებული სხვა გადაცემების სამომავლო გეგმების შესახებ ჯერჯერობით განცხადება არ გავრცელებულა.

რას აპირებს „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა?

მედიასთან აღნიშულ საკითხზე ამ დრომდე არ უსაუბრია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია. 21 აგვისტოს მან დაგეგმილი ბრიფინგი რამდენჯერმე გადადო და ტელეკამერების წინ არ გამოჩნდა. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აპირებს იგი არხის საინფორმაციო სამსახურის ამუშავებას.

თუმცა, მანამდე, 20 აგვისტოს სალიამ თქვა, რომ სავარაუდოდ, მისი მოადგილის და ამავდროულად, საინფორმაციოს სამსახურის უფროსის პოზიციაზე „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანისა და გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის ნინო შუბლაძის კანდიდატურას განიხილავდა. თავის მხრივ, შუბლაძემ დაადასტურა სალიასგან შეთავაზების მიღების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2“-დან წასვლის შემდეგ, შუბლაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.

ვინ სად წავა?

ჯერჯერობით უცნობია, „რუსთავი 2“-ის აწ უკვე ყოფილ ჟურნალისტთაგან ვინ სად გააგრძელებს მუშაობას. პარალელურად, უკვე ცნობილია ორი ახალი ტელევიზიის შექმნის ამბავი. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია „მთავარი არხი“ უკვე დაარეგისტრირა, სადაც მან სამუშაოდ თავისი ყოფილი თანამშრომლებიც მიიწვია.

ასევე ცნობილია, რომ ახალ ტელევიზიას ქმნის „ფორმულა კრეატივიც“, რომელიც „რუსთავის 2“-ისთვის ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებსა“ და რამდენიმე გასართობ პროექტს აკეთებდა. „ფორმულა კრეატივის“ ტელევიზიას ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილ ჟურნალისტებს სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრიათ, სავარაუდოა, რომ მათი დიდი უმრავლესობა, სწორედ ამ ორ ახალ ტელევიზიაში გააგრძელებს მუშაობას.

ამბის წინაისტორია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ცვლილებები 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. სტრასბურგში მდებარე სასამართლოს თანახმად, ეროვნულ დონეზე ტელეკომპანიის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები არ დაურღვევიათ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაც გააუქმა.

ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც „რუსთავი 2“-ის წილებისთვის სამართლებრივი დავა 2015 წელს დაიწყო, ტელეკომპანია იმავე დღეს, 18 ივლისს რამდენიმე საათში გადაიფორმა და გენერალური დირექტორიც იმავე დღეს შეცვალა. მან ნიკა გვარამიას ადგილზე თავისივე ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

ამასთან, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიება გვარამიას „რუსთავი 2“-ისთვის 7.4 მლნ ლარის ზიანის მიყენებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს მას 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე, ქვეყნის დატოვება შეუზღუდა. თუმცა, გვარამია აცხადებს, რომ ის მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button