ახალი ამბები

სააპელაციომ ძალაში დატოვა ეკა კვესიტაძის მიერ „რუსთავი 2-ისთვის“ ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილ წამყვანს ამავე ტელევიზიისთვის შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით „მთავარ არხზე“ გადასვლისთვის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკა კვესიტაძეს „რუსთავი 2-ისთვის“ თავდაპირველად 25 000-ლარის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თავად ტელეკომპანიას წამყვანის დაახლოებით 13 000-ლარიანი სახელფასო დავალიანება ჰქონდა, საბოლოოდ თანხა 12 000-ლარამდე შემცირდა.

თავად ეკა კვესიტაძემ განმარტა, რომ მას არ ჰქონდა მოლოდინი რომ მეორე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას შეცვლიდა და მას „მშვიდად“ შეხვდა, რადგანაც „ეს იყო აბსოლუტური ფორმალობა“. მისივე თქმით, მის საქმეს მოსამართლეთა იგივე კოლეგია განიხილავდა, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაყადაღებაზე იმსჯელა. „ანუ ეს იყო კოლეგია, რომელსაც ჰქონდა, როგორც ჩანს მითითება, რომ ყველა საქმე, რომელიც ეხებოდა მედიას, ან ჟურნალისტების დასჯას ან [მედიის] მფლობელების დასჯას, უნდა გადაწყვეტილიყო ჩვენს საწინააღმდეგოდ“, – ხაზი გაუსვა მან.

კვესიტაძის უფლებადამცველის, ილონა დიასამიძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კვესიტაძისთვის გადაუხდელ ხელფასთან დაკავშირებით „რუსთავი 2-ისთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს განმარტება არც სჭირდებოდა და ის პირდაპირ შრომის კოდექსს ეყრდნობოდა, სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნაც კი არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

ეკა კვესიტაძემ სასამართლო დავა დისკრიმინაციული მოტივით მისი „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდის მოთხოვნით დაიწყო. თუმცა, 2022 წლის ივნისში, საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტის სარჩელი არ დააკმაყოფილა, კანონიერად ცნო მისი 2019 წელს სამსახურიდან გათავისუფლება და შრომითი პირობების დარღვევისთვის ტელეკომპანიის სასარგებლოდ ჯარიმის გადახდა მას დააკისრა. თავის მხრივ, საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ს“ კვესიტაძისთვის მხოლოდ ნამუშევარი სახელფასო ანაზღაურების გადახდა დაავალა.

წინაისტორია

ტელეკომპანია „რუსთავი-2-ში“ ცვლილებები 2019 წლის 18 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანიის წილები მისმა ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა.

იმავე დღეს, ქიბარ ხალვაშმა არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სამსახურიდან გაათავისუფლა და მის ადგილას თავისივე ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

წილების დაბრუნებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ იგი ტელევიზიას ყიდის. თუმცა, ტელევიზიის გასხვისების ერთკვირიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ მყიდველი არ გამოჩნდა.

შედეგად, ხალვაშმა, განაცხადა, რომ იგი ტელევიზიის „საკუთარი ძალებით გაჯანსაღებას“ იწყებდა. მანვე უპირველეს ვალდებულად ტელევიზიის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან გათავისუფლება, ხალხის სამსახურში ჩადგომა და მისთვის ნდობის დაბრუნება დაასახელა.

ამის შემდეგ, 2021 წლის 19 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო „რუსთავი 2-დან“ საინფორმაციო სამსახურის მაშინდელ უფროსს, ნოდარ მელაძესა და რამდენიმე სახეს უშვებდნენ.

შედეგად, იმავე წლის 22 აგვისტოს, „რუსთავი 2“ თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. ტელევიზიიდან წამოსულმა თანამშრომლებმა თითქმის ერთ თვეში ხელისუფლებისადმი კრიტიკული ორი ახალი ტელეარხი – „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ დააფუძნეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button