ახალი ამბები

„თბილისი პრაიდი“ მოსახლეობას მოუწოდებს დაგმოს რადიკალური ჯგუფების დეზინფორმაცია

ლგბტქი+ თემის მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ 7 ივლისს გავრცელებული განცხადებით მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას „დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ“ და არ ენდოს დეზინფორმაციას რომელსაც ისინი ავრცელებენ.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ: „რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. „გეი აღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ“. “თბილისი პრაიდი” აღნიშნავს, რომ ხვალინდელი ღონისძიების ფარგლებში არავითარი მსვლელობა არ არის დაგეგმილი და ღონისძიება ჩატარდება დახურულ სივრცეში, მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებული სტუმრებისთვის.

ამასთანავე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ფესტივალზე ქვიარ თემის წარმომადგენლებთან ერთად, იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და საერთაშორისო პარტნიორები. დასწრების შესაძლებლობა მხოლოდ სრულწლოვან პირებს ექნებათ, ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ღონისძიებებს კი საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნებათ.

„ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული, – აცხადებს ორგანიზაცია და მოუწოდებს საზოგადოებას არ ენდოს დეზინფორმაციას, არ გახდეს მისი გამავრცელებელი და დადგეს „დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს“.

ცნობისთვის, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც პრაიდის კვირეული დაგმეს. მათი თქმით, კვირეულის მიზანი „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება“. მათ განაცხადეს: „არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ,“ თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართველი ხალხი ლგბტქი+ თემას არასდროს შეეგუება და დროა ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button