skip to content
ახალი ამბები

საპატრიარქო „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, 1-8 ივლისს თბილისში დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით, 2 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობის“ პრობლემის დარეგულირების მიზნით საზოგადოებას საკანონმდებლო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ივლისში დაანონსებულ ,,ლგბტ კვირეულს”,  მისი მიზნებიდან გამომდინარე, „არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს, თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს“.

საპატრიარქოს განცხადებით, „ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია“, ქვეყანაში, რომელსაც „მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს“,  მოზარდებში პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება კი  „მათ ცნობიერებაზე ძალადობაა“.

საპატრიარქოს განცხადებითვე, მსგავსი ღონისძიებების გამართვა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა და „უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობაა“, ასევე „მორალური ზიანის მიყენების მცდელობის“ მკაფიო გამოხატულება.

„ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას“, – ნათქვამია საპატრიარქოს  განცხადებაში, სადაც „მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობის“ საჭიროებაა ხაზგასმული.   

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესია „არასოდეს მოუწოდებს ძალადობისკენ“, მაგრამ ზრუნავს „მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის“, ამდენად, ის მოუწოდებს საზოგადოებას დაიწყოს დისკუსია „პრობლემის საკანონმდებლო გზებით გადაჭრაზე“.

საკანონმდებლო ინიციატივა „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფომ 2022 წლის დეკემბერში წამოაყენა და ოფიციალურად 2023 წლის მაისში დარეგისტრირდა. ასეთი კანონის მიღებას მაისში, რესპუბლიკის მოედნაზე ულტრაკონსერვატორთა შეკრებაზეც ითხოვდნენ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაშინ განაცხადა,  რომ მისი პარტია „ასეთი წინადადების მიღებას არ აპირებდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button