Placeholder canvas
ახალი ამბები

1-8 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეული დახურულ ფორმატში ჩატარდება

ლგბტქი+ თემის მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ 2 ივნისს განაცხადა, რომ უერთდებიან „ღირსებისა და სიამაყის თვეს“ და 1-8 ივლისს, თბილისში, პრაიდის კვირეული გაიმართება.

ორგანიზაციის თქმით, თბილისი პრაიდის წლევანდელი კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.

„პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„თბილისი პრაიდის“ განმარტებით, „პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას“.

კვირეულის ორგანიზატორებს სწამთ, რომ 2023 წლის თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებით გააძლიერებენ თემს; აამაღლებენ საზოგადოების ცნობიერებას; უფრო აქტიურად მოითხოვენ მათი უფლებების დაცვას; შემოიკრებენ მხარდამჭერებს სხვადასხვა სფეროდან; წარმოაჩენენ ლგბტქი კულტურასა და ისტორიას.

„სიყვარულს ვერ დაამარცხებ!“, – აცხადებენ „თბილისი პრაიდში“ და მოქალაქეებს კვირეულში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, რათა მხარი დაუჭირონ „ქვიარ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებასა და თანასწორობას საქართველოში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button