სანქციების საკითხებში კოორდინატორებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ობრაიენმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალურმა დირექტორმა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერმა 28 ივნისს თბილისში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს.
მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას, რომ შექმნას იმ აკრძალული საქონლის გამოვლენის კომპლექსური სისტემა, რომლის მიყიდვაც რუსეთისთვის ხდება.
კუმარ აიერმა განაცხადა, რომ მათი ვიზიტის მიზანი 38 სახეობის ელექტროსაქონლის გამოვლენა იყო. მისივე თქმით, მათი მისია საქართველოს გასცდა და სხვა ქვეყნებიც მოიცვა.
ელჩმა ობრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში, ელექტროსაქონლის გარკვეული ბრენდები ლეგალურად იყიდებოდა, ხოლო თებერვლის ბოლოსთვის გარკვეული სახეობების უკანონო გაყიდვა დაიწყო. შედეგად, რუსეთის მეზობელი ქვეყნების ვაჭრობის დინამიკა თანდათან შეიცვალა.
Politico-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე საუბრისას, სადაც მან საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას ქმნიან, ობრაიენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რომ რუსეთს განზრახული აქვს სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აშშ აქტიურად მუშაობს საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც მნიშვნელოვანი ვაჭრობა აქვთ რუსეთთან.
რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენასა და სანქციებისთვის თავის არიდებას შორის არსებულ კავშირს, კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ დარღვევების უმეტესობა სახმელეთო მარშრუტებით ხდება. მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დამატებითი მექანიზმების შემოღება. მანვე ფრენების დროს ყოვლისმომცველი კონტროლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კუმარ აიერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ექსპერტიზა უზრუნველყოს და ქართველი კოლეგების შესაძლებლობები გაზარდოს, კონტროლის მექანიზმის შემდგომი განვითარების მიზნით.
დევიდ ო’სალივანის პრესკონფერენცია
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ცალკე პრესკონფერენცია გამართა და იმედგაცრუება გამოხატა საქართველოს გადაწყვეტილების გამო, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
„საქართველო, რა თქმა უნდა, არ ასრულებს სანქციებს… ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ ამას არ აკეთებს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის. საბოლოოდ, გვინდა, რომ საგარეო პოლიტიკაშიც ვიხილოთ შესაბამისობის მაღალი ხარისხი“, – განაცხადა ო’სალივანმა და საქართველოს კონტექსტის სპეციფიკას გაუსვა ხაზი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ მონაწილეობს სანქციებში, ხელისუფლება მზადაა ხელი შეუწყოს იმას, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული რუსეთისთვის სანქციების რეჟიმის დარღვევის პლატფორმად. მან მაღალი შეფასება მისცა თბილისის მიერ მიღებულ ზომებს სენსიტიური პროდუქციის ექსპორტის კონტროლის კუთხით.
ო’სალივანმა მოცემულ მომენტში ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. მან განაცხადა, რომ სანქციებმა არ უნდა შეაფერხოს მათი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და დასძინა, რომ „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ რაც ბოლო ორ დღეში ვიხილეთ, ადასტურებს, რომ ეს ასე სულაც არ არის“.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/06/2023 – სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები თბილისში შეხვედრებს მართავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)