სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები თბილისში შეხვედრებს მართავენ
სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდნენ.
26/06/2023 – სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები თბილისს სტუმრობენ
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და გენერალურ პროკურორთან.
შეხვედრა პრემიერმინისტრთან
27 ივნისს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებს შეხვდა. მან ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. „ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას“, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის „მტკიცე მხარდაჭერაზე“ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.
შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან
დღესვე, დევიდ ო’სალივანი, ჯიმ ობრაიენი და კუმარ აიერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდნენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას სპეციალური წარმომადგენლის ოფისებთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროკავშირს, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს შესაბამისი სამსახურების მზადყოფნა ფინანსური სანქციების რეჟიმის დასაცავად. ამავე ინფორმაციით, სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობა ფინანსური სანქციების განხორციელების კუთხით და გამოხატეს მზადყოფნა აქტიური დიალოგის გასაგრძელებლად.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ევროპული არჩევანის ურყეობა და ხელისუფლების მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად“.
შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან
სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ქვეყნის ერთგულებას და მზადყოფნას რეფორმების გასატარებლად. დელეგაციის წევრებმა დეტალურად განიხილეს, თუ როგორ ეხმარება საქართველო აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ მათ მიერ დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით.
„მთავრობა არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიითა და ფინანსური სისტემით სარგებლობას სანქციების თავის არიდების მიზნით“, – განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მკაცრად კონტროლირდება ყველა საბაჟო თუ ფინანსური ოპერაცია.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
„ვფიქრობ, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება როგორც ევროკავშირის სტრუქტურებთან, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხებზე, რათა კოორდინირებული მუშაობით უფრო ეფექტიანი იყოს სავაჭრო ურთიერთობები და ასევე აცილებული იყოს რისკები, რომელიც შეიძლება სანქციების გვერდის ავლას ითვალისწინებდეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 22/06/2023 – რუსეთი სანქციების დაძლევაში საქართველოს როლზე საუბრობს
- 14/06/2023 – აშშ-ის სახდეპი: სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს
- 08/06/2023 – ჯიმ ობრაიენი: საქართველო იმ ქვეყნებშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას იწვევენ
- 11/05/2023 – ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)