skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა დეპუტატების როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის პოლიტიკური ჯგუფი დაარეგისტრირა

საპარლამენტო ბიუროს 26 ივნისის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. ახლად შექმნილ ჯგუფში ორი წევრია გაერთიანებული – როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე.

ორივე მათგანი ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, თუმცა შემდეგ პარტია დატოვეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მისცეს ხმა.

მანამდე, 23 ივნისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლება“ შექმნას დაუჭირა მხარი, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან მისი წევრების წასვლის შემდეგ შეიქმნა.

ორწევრიანი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პარლამენტმა 31 მაისს რეგლამენტში დეპუტატების რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ ინიცირებული ცვლილებები მიიღო. ცვლილების მიხედვით, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია დატოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button