ახალი ამბები

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია

პარლამენტმა 17 მაისის პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილი (93 ხმით), გიორგი გზობავა (91 ხმით) და ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმით) აირჩია.

ზურაბ გურასპაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, „სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ“ და „საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდმა“ წარადგინა; სამართლის დარგის სპეციალისტის ტრისტან ბენაშვილის წარმდგენი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაა; ხოლო გიორგი გზობავა, ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და „თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაციამ“ წარადგინეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ოპოზიციის ხმებიც სჭირდებოდათ (საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია). უცნობია ოპოზიციური ფლანგიდან ვინ დაუჭირა მხარი კანდიდატებს. „ლელოს“, „საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „მოქალაქეებისა“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანდიდატებს მხარი პარლამენტში საარჩევნო ბლოკი „ძალა ერთობაშიას“ სიით შესულმა დეპუტტებმა დაუჭირეს.

კენჭისყრის დროს, ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ოპოზიციის გასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური დარჩა, რადგანაც კენჭისყრის პროცესი შეჩერდა. ტექნიკური შესვენების შემდეგ, დარჩენილი კანდიდატებიდან საჭირო 90 ხმა ვერცერთმა მოაგროვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ვაკანტური ადგილების შესავსებად, პარლამენტმა კონკურსი 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. ვაკანტურ ადგილებზე ჯამში სულ 32 კანდიდატი წარადინეს. მათგან ორმა – ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიციას საკუთარი კანდიდატურების დასახელებისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცა. თუმცა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ეს ვადა მიუღებლად და ულტიმატუმად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ მზადყოფნას კონსულტაციებისთვის, თუმცა მმართველი პარტია ამას შემხვედრი ნაბიჯით არ პასუხობდა.

რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი საბჭოს წევრობის კანდიდატებს?

კენჭისყრიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს მხარი საარჩენო ბლოკ „ენმ-ძალა ერთობაშიას“ სახელით შესულმა დეპუტატებმა – ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს. მათგან პირველი 4 დეპუტატი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მოქმედი წევრები არიან. დილარ ხაბულიანი კი – უკვე ორი წელია, რაც ფრაქციის რიგებს გამოეთიშა.

ფრაქციასთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნიკა მაჭუტაძემ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატების მხარდაჭერა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობის შესრულების მოტივით ახსნა და დაამატა, რომ მათ „სასამართლო კლანთან“ არაფერი აკავშირებთ.

მანვე დამდგარი შედეგი ოპოზიციურ ფლანგზე „კომუნიკაციის პრობლემით“ ახსნა. „ხმა არავის არ მივცეთ – ეს არავის არ უთქვამს, ასეთი შეთანხმება არ არსებობდა… ყოველ შემთხვევაში ჩვენ გაფრთხილებულები არ ვიყავით და არც ინფორმირებულები“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ „მოხდა შეცდომა“. „მე ამ შეცდომას ვაღიარებ და ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მაგრამ კომუნიკაცია სწორად რომ არ იყო შემდგარი, ეს ფაქტია“.

„გარიგება, ცხადია, არ მომხდარა… გარიგება რომ მნდომებოდა, აქამდე გავრიგდებოდი“, – განაცხადა თავის მხრივ ნატო ჩხეიძემ და დასძინა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების კონტექსტში „საუბარია [მხოლოდ] კონსენსუსზე“. მანვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე „ქართულ ოცნებასთან“ სამომავლო კონსენსუსის ალბათობაც არ გამორიცხა.

„იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ხმა მივეცი, არ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები. თუმცა ვაპირებდი, ისეთი ადამიანებისთვის ხმის მიცემას, რომლებიც საერთოდ არ დამდგარან კენჭისყრაზე, მაგრამ სიაში იყვნენ, სამწუხაროდ, ბოიკოტის შემდეგ, ეს ვერ მოვახერხე“, – თქვა ბაჩუკი ქარდავამ „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში და მმართველ პარტიასთან გარიგება კატეგორიულად უარყო. „გარიგებაში კი არა, საუბარიც კი არ მქონია არც ადრე, არც დღეს. რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არასდროს არ ვაპირებდი და არ ვაპირებ“, – ხაზი გაუსვა მან.

განმარტებების შემდეგ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ასევე ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია „ენმ-ძალა“ ერთობაშია დატოვეს. რაც შეეხება დილარ ხაბულიანს, მას საკუთარ გადაწყვეტილებაზე მედიასთან არ უსაუბრია.

განმარტებები გაკეთდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი დეპუტატი, რომელმაც დღეს ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ განმტკიცებას, არ არის [პარტია] „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ამ დრომდე ეს ადამიანები ჩვენი ფრაქციის წევრები იყვნენ“, – თქვა ფრაქცია „ენმ-ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

მანვე კატეგორიულად უარყო „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ და დასძინა – მმართველ პარტიასთან „არანაირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია“. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ, რომ კლანის გაძლიერება გაგრძელდეს მათ შორის, ოპოზიციური დეპუტატების გამოყენებით“, – ხაზი გაუსვა დეპუტატმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button