ახალი ამბები

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 19 ივნისს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის სახელზე ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი.

წერილში ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი ხელმძღვანელობენ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და საქართველოს კონსტიტუციით. მათ ასევე დაადასტურეს საქართველოს და მისი მოქალაქეების ურყევი ნება ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაც აისახა „2008 წელს ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩატარებული პლებისციტით“.  ითვალისწინებენ რა, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი ნატოს წევრი ქვეყნების თანამიმდევრულმა მიდგომამ უზრუნველყო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა, ხელმომწერები აღიარებენ, რომ   ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში.

ისინი მხარდაჭერას უცხადებენ საერთაშორისო სამართალის ნორმებზე და პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ასევე იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფუნდამენტია.

წერილი ხაზს უსვამს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და აღნიშნავს, რომ ნატოს უელსის და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებით საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ნატოს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მრავალრიცხოვანი და მრავალწლიანი მონაწილეობით – კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი.

ამ კონტექსტში, ხელმომწერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას.

ისინი სრულ სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიალური მთლიანობისთვის ბრძოლაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ და აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი არის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ტერორისტული და ღია სამხედრო აგრესიის გაგრძელება. „სამომავლოდ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში“, – ნათქვამია წერილში.

დეპუტატები მადლიერებას გამოხატავენ ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, და მიესალმებიან ნატოს გადაწყვეტილებას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ფინეთის და უახლოეს მომავალში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ვილნიუსის სამიტზე და შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს მზადყოფნა „გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინსვლას საბოლოო წევრობის უზრუნველსაყოფად“.

წერილს ხელს აწერენ დეპუტატები: თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე, ტარიელ ნაკაიძე, შალვა შავგულიძე, ნიკა მაჭუტაძე, რომან გოცირიძე, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე, ანა წითლიძე, აკაკი მინაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი გოდაბრელიძე, აბდულა ისმაილოვი, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ცეზარი ჩოჩელი, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, თეიმურაზ ჯანაშია, მანუჩარ კვირკელია, დავით კირკიტაძე, კახაბერ ოქრიაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია, ხათუნა სამნიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button