ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი ერთობლივ განცხადებაში საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეებზე საუბრობს

„გავაკეთებთ ყველაფერს, ამ [„ქართული ოცნების“] რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთის მიერ თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფისაგან დასაცავად იმისთვის, რომ ისტორიის გზაგასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში მიმავალ გზას“, – ნათქვამია 7 ოპოზიციური პარტიის მიერ 12 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების თქმით, „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისა და ოკუპანტი რუსეთის გავლენის სივრცეში დატოვების რეალური საფრთხე შეუქმნა, რითაც პირდაპირ გაზარდა მტრის ხელახალი თავდასხმისა და აგრესიის რისკები საქართველოს მიმართ“.

ამ კონტექსტში ისინი საქართველოსთან სავიჟო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ „საქართველოს მთავრობა ცრუობს, თითქოს, პუტინის რეჟიმთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად მიიღო“.

„სინამდვილეში, ეს სულაც არ არის უანგარო და უწყინარი გადაწყვეტილება, როგორადაც წარმოაჩენს ამას ხელისუფლების პროპაგანდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს აეროპორტებში მოქმედ კომპანიებს სანქციები ემუქრება“, – აღნიშნავენ ოპოზიციური პარტიები და დასძენენ – „ფაქტია, „რუსულმა ოცნებამ“ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებისა და რუსული ავტორიტარიზმის დამყარების ფინალური ეტაპი დაიწყო“.

ამის საილუსტრაციოდ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების მხრიდან ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე უარს, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა“ (IRI) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) „თავდასხმას“, ასევე ევროპის სოციალისტური პარტიიდან „ქართული ოცნების“ გასვლასა და რუსეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე ხელისუფლების თანხმობას ასახელებენ.

„საქართველო საერთაშორისო იზოლაციისა და მტერთან – რუსეთთან მოკავშირეების გარეშე დარჩენის ზღვარზეა. პუტინისა და ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველო ღიად უპირისპირდება რუსეთის სანქცირების დასავლურ პოლიტიკას. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უპირისპირდება საკუთარი, ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ოპოზიციის თქმით, „ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ასეთი რეალურია, ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვიყენებს საკითხს: ევროპა, თუ რუსეთი? მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობა ერთიან ევროპულ ოჯახში, თუ სიღარიბე, მონობა და უპერსპექტივობა დამარცხებულ რუსეთთან ერთად? საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, ერთიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა თქვას: არა მტერთან კოლაბორაციას, არა რუსულ მთავრობას, ერთად ევროპისკენ!“.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო საქართველოსთვის“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“; „ევროპული საქართველო“; „ელენე ხოშტარია – დროა“; ,,კანონი და სამართალი“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button