ახალი ამბები

IDFI-მ ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალისა და რუსული კავშირების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ცოტა ხნის წინ მესამე ეტაპის ფარგლებში კვლევის ახალი ნაწილი გამოაქვეყნა სახელწოდებით „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“. IDFI-მ განახორციელა სამშენებლო სექტორის, მსხვილი ინვესტიციების, ტურიზმის/სასტუმრო მომსახურებისა და საგზაო-სატრანსპორტო გადაზიდვების კვლევა. კვლევის ფარგლებში, IDFI-მ ამ სექტორებზე 2022 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ორი ტალღის გავლენა შეისწავლა.

რუსული კაპიტალისა და კავშირების ანალიზისას მკვლევარებმა შეისწავლეს ინფორმაცია კომპანიის მფლობელებისა და აქციონერების შესახებ, კავშირები რუსეთის სამთავრობო წრეებთან, პოლიტიკასა და ბიზნესში ჩართულობა, პირდაპირი ინვესტიციები და რუსეთიდან დაფინანსების წყაროები. მათ ასევე შეისწავლეს ბიზნეს საქმიანობის სფეროები და სხვა ინტერესები, განხორციელებული პროექტები, პოლიტიკური პარტიების/აქტორების, ორგანიზაციების, მედიის, ღონისძიებებისა და აქტივობების დაფინანსება. მკვლევარებმა ასევე გამოიკვლიეს პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში და შესაძლო კავშირები ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან/პარტიებთან/პოლიტიკოსებთან/სახელმწიფო მოხელეებთან/აქტივისტებთან/ჟურნალისტებთან, ასევე მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების აღქმა და ლობირების ტენდენციები.

ძირითადი მიგნებები

ანგარიშის მიხედვით, თბილისსა და ბათუმში სახლის/ბინის შეძენის ტრანზაქციებში ჩართული რუსეთის მოქალაქეების წილის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი თბილისის ტრანზაქციებში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ბათუმში კი 5%-დან 17,6%-მდე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს (9 სექტემბრამდე) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15,164 შენობა/ნაგებობა (მათ შორის, 13,262 ბინა) და 13,850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს.  

ამასთან,  2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნილი ჰქონდა რუსეთის 161,032 მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) და 55 იურიდიულ პირს. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 2,87 მილიარდ ლარს, რაც 2,16 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს.

კვლევაში ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, რომ 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ 1,087,257 შეადგინა, რაც საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობის 23%-ია. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 891 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთაშორისო ვიზიტებიდან მიღებული საერთო შემოსავლების 25%-ია. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის 1,46 მილიონი შემთხვევა აღირიცხა. იმავე წლის 9 თვის მდგომარეობით, ქვეყანაში რუსეთის 112,733 მოქალაქე დარჩა.

გარდა ამისა, კვლევაში სატვირთო გადაზიდვებით რუსეთიდან საქართველოს საზღვარზე შემოსული პროდუქციის მნიშვნელოვანი ზრდა გამოვლინდა. 2021 წელს არსებული 22 606 ტონიდან 2022 წელს 36 797 ტონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მარცვლეული პროდუქტების იმპორტი გაორმაგდა და 2022 წელს იმპორტირებულ პროდუქტებს შორის ყველაზე დიდი წილი შეადგინა (8 184 ტონა). ამასთან, თითქმის გაორმაგდა ცხიმებისა და ზეთების იმპორტი და 3 891.5 ტონას მიაღწია.

2023 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ექსპორტი რუსეთში 38%-ით გაიზარდა, ხოლო სომხეთში – 197%-ით. ექსპერტების აზრით, სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვება უჩვენებს, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისაკენ – და ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი.

რაც შეეხება ნავთობის სექტორს, რუსული პროდუქციის წილი მკვეთრად გაზრდილია. 2021 წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის საერთო ღირებულება 361%-ით არის გაზრდილი. ბაზრის ხუთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს შორის, ოთხი – „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ (გალფი), „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“ – რუსეთიდან იღებს საწვავს. ამასთან, საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულება 2021 და 2022 წლებს  შორის $90,7 მილიონიდან $112 მილიონამდე, 24%-ით გაიზარდა. რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი იმპორტირებულ ელექტროენერგიაში არის 25%. დანარჩენი მოდის აზერბაიჯანსა (60%) და თურქეთზე (15%).

რუსული გავლენა/კავშირები

ანგარიშში IDFI-მ შეისწავლა რუსული გავლენა და კავშირები ქართულ ბიზნესში. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ რუსი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის კორპორაცია „ალფა-ჯგუფი“ საქართველოს მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოებას ფლობს. დოკუმენტი ასევე ამახვილებს ყურადღებას რუსეთის კავშირებზე, მფლობელობასა და მენეჯმენტზე, ასევე მმართველ პარტიასთან კავშირებზ სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორებში. კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორებში რუსული კავშირები, მფლობელობისა და მმართველობითი წილები, ისევე როგორც მმართველ პარტიებთან აფილირება გამოიკვეთა შემდეგ კომპანიებში: RMG Gold, შპს „მინერალური წყალი საირმე“, შპს „კაპიტალ ჯგუფი“, შპს „მეგა ჰოლდინგი“, „გრუზვინპრომი“, შპს „მიქსორი“. შპს „მინერალური წყალი საირმე“ მინერალური წყლების მოპოვების 5 სხვადასხვა ლიცენზიას ფლობს. კომპანიის მესაკუთრეცა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი რუსეთის მოქალაქეები არიან. საბჭოს აღნიშნული წევრი, გია გვიჩია, რუსეთში ცნობილი მილიარდერია, მისი და, ნანა გვიჩია კი პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეა.

კვლევა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების სფეროში იკვეთება „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშვნელოვანი გავლენა. ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს. ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი – „ფოპნეტი“. ამ უკანასკნელის ბიზნესპარტნიორია რუსული კომპანია “ვესტელკომი”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია „როსტელეკომის“ შვილობილი კომპანიაა.

დასკვნა

კვლევის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს არარეგულირებულმა საემიგრაციო პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს და ქვეყანაშუ დარჩნენ, რის შედეგადაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა ფასები უძრავი ქონების ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ 20 რეგისტრირებული საშუალო ზომის უცხოური კომპანიიდან და/ან მათი ფილიალებიდან მხოლოდ სამია დაფუძნებული რუსეთის მოქალაქეების მიერ და არც ერთი მსხვილი ეკონომიკური ოპერატორი არ არის დაკავშირებული რუსეთთან.

IDFI-მ გამოავლინა გავლენისა და რუსული კაპიტალის არსებობის სისტემატური ნიშნები ისეთ სექტორებში, რომლებიც მნიშვნელოვანია რუსეთის ამჟამინდელი პრიორიტეტებისთვის, განსაკუთრებით ევროპის ნაცვლად ალტერნატიული ბაზრების ძიების მცდელობებში. ისეთი სექტორები, როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია, რუსეთის მნიშვნელოვანი გავლენის დემონსტრირებას ახდენს. გარდა ამისა, რუსეთის ჩართულობა გაზრდილია სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის წიაღისეულისა და კომუნიკაციების სექტორებში. ამ სექტორების კომპანიების მენეჯმენტი ურთიერთგადაიკვეთება როგორც რუსულ სუბიექტებთან, ასევე მმართველ პარტიასთან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკის შეთანხმება ხდება რუსულ ინტერესებთან.

გარდა ამისა, იმპორტისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი აღმავალი ტრაექტორია რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კიდევ ერთი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ მზარდი მოთხოვნისა და დატვირთვის მიუხედავად, საქართველოში სატვირთო გადაზიდვებში ამჟამად მხოლოდ ქართული კომპანიები არიან ჩართულნი. ამ სექტორში რეგისტრირებული 15 საშუალო ზომის კომპანიიდან არცერთი არ არის რუსული წარმომავლობის.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2022 წლის მონაცემებით, რუსეთიდან ვიზიტორების მზარდი ნაკადის მიუხედავად, საქართველოში სასტუმროების მომსახურების სფეროს ჯერ კიდევ აკლია რუსული ან მასთან დაკავშირებული კომპანიები, ანალოგიურად, საბანკო სექტორში, აღსანიშნავია, რომ იდენტიფიცირებული იყო მხოლოდ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას” რუსული კომპანია „ვეტებე ბანკი”-ს მფლობელობა. თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და ვითიბიმ საკუთარი პორტფელების სხვა ბანკებზე გასხვისება დაიწყო. 

მშენებლობის, ტურიზმის, ლოჯისტიკისა და საბანკო სექტორებში რუსული ინტერესების შედარებით შეზღუდული არსებობის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეების მზარდი ინტერესი და მოხმარება შეიძლება მნიშვნელოვან ფაქტორად ჩაითვალოს, რამაც შესაძლოა მომავალში ამ სექტორებში რუსული კომპანიები მიიზიდოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button