ახალი ამბები

IDFI-ის კვლევა მოსამართლეთა ოჯახის წევრების საჯარო სექტორში დასაქმებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 23 იანვარს მოსამართლეთა ოჯახის წევრების საჯარო სექტორში დასაქმების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი უზენაესი სასამართლოს 28, სააპელაციო სასამართლოს 84 და საქალაქო სასამართლოს 209 მოსამართლის ქონებრივ დეკლარაციებს ეყრდნობა.

ზოგადი მონაცემები

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქმედი 321 მოსამართლიდან თითქმის 1/3-ის (90) ოჯახის წევრი საჯარო სამსახურშია დასაქმებული. მათგან 51 მოსამართლის ოჯახის რომელიმე წევრი უშუალოდ სასამართლო სისტემაში მუშაობს.

ამასთან, 90-დან 60 შემთხვევაში ოჯახის წევრი მოქმედ პოზიციაზე მოსამართლის დანიშვნის შემდეგ დასაქმდა, დაწინაურდა ან შეიცვალა სამუშაო პოზიცია. მოსამართლეების ოჯახის წევრებმა 2021 წელს ანაზღაურების სახით 3 მლნ ლარზე მეტი მიიღეს.

წყარო: IDFI

მაგალითად, პირველი ინსტანციის 209 მოსამართლიდან 60-ის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მათი ოჯახის წევრები (54 მეუღლე, 6 შვილი, 2 და) საჯარო სექტორში არიან დასაქმებულნი, 33 მათგანი კი – სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მუშაობს. ასევე, თბილისისა (70) და ქუთაისის (14) სააპელაციო სასამართლოების 84 მოსამართლიდან 13-ის შვილი სასამართლო სისტემაშია დასაქმებული.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს, 28 მოსამართლის დეკლარაციებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია წერს, რომ 8 მათგანის მეუღლეები და ერთ-ერთის შვილი საჯარო სექტორშია დასაქმებული, 6 ოჯახის წევრი კი – უშუალოდ სასამართლო სისტემაში.

წყარო: IDFI

მოსამართლეთა ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ იმ საეჭვო შემთხვევების ერთ-ერთ მაგალითად, როდესაც მოსამართლის დაოჯახებიდან მოკლე დროის პერიოდში ფიქსირდება მეუღლის დაწინაურების ან როტაციის ფაქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, გიორგი გოგინაშვილის შემთხვევას ასახელებს, როდესაც დაოჯახების შემდეგ, მისმა მეუღლემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სპეციალისტის პოზიციიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა.

ანგარიშში კიდევ ერთ მსგავს შემთხვევად დავით ახალბედაშვილის მაგალითია მოყვანილი, რომლის მეუღლეც 2019 წელს, გოგინაშვილის მცხეთის რაიონული სასამართლოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლის შემდეგ ამავე სასამართლოში სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმდა.

„დამატებით ეჭვებს აჩენს შემთხვევები, სადაც მოსამართლის ოჯახის წევრი საქმდება სასამართლოში თვალსაჩინო იურიდიული გამოცდილების არ ქონის მიუხედავად“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ანგარიშში აღნიშნულის საილუსტრაციოდ 2020 წელს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი ბონდარენკოს მეუღლის თბილისის საქალაქო სასამართლოში კონსულტანტად დასაქმებაზეა ყურადღება და აღნიშნულია, რომ ბონდარენკოს წინა დეკლარაციებში მის მეუღლეს 2012 წლიდან სხვა ანაზღაურებადი სამსახური არ უფიქსირდება.

„ანალოგიურად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კონსულტანტის პოზიციაზეა დასაქმებული მოსამართლე ლაურა მიქავას მეუღლე, რომელიც 2022 წელს აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი იყო“.

დასკვნა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვლევაში მოცემული ყველა შემთხვევა ნეპოტიზმად არ უნდა იყოს განხილული, თუმცა ხაზს უსვამს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არსებული სტანდარტებით მეუღლის, არასრულწლოვანი შვილისა და მასთან მუდმივად მცხოვრები პირების გარდა თანამდებობის პირების სხვა ოჯახის წევრები დეკლარირების მიღმა რჩებიან, პრობლემის სრული მასშტაბის შესწავლა და წარმოჩენა შეუძლებელია.

ამდენად, გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებისა და ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და კორუფციის რისკების შემცირებისთვის ორგანიზაცია არსებული მექანიზმების გაუმჯობესებისა და დამატებითი სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

„ამ მიმართულებით რეფორმა განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის თაობაზე ევროკომისიის მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით“.

ლევან მურუსიძის გამოხმაურება

კვლევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე გამოეხმაურა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის ნაწილი ე.წ. „სასამართლო კლანის“ წევრად მოიაზრებს და თქვა, რომ სასამართლოს რეალური პრობლემა ის „აღვირახსნილი ლანძღვა, გინება და დისკრედიტაციაა“, რომლითაც ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემა „ლაფში ამოსვარონ“ და მოსამართლეები საზოგადოებას „შეაზიზღონ“.

მისივე მტკიცებით, არასამთავრობო სექტორი ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ მოქალაქეებს შეუქმნან განცდა, თითქოს „აქ [სასამართლო სისტემაში] არის საშინელი კორუფცია, საშინელი ნეპოტიზმი და საშინელი არაკომპეტენტურობა“. „ეს არის ბოროტება, რასაც არასამთავრობო სექტორი აკეთებს“.

„მე გირჩევდით, რომ როდესაც ებრძვით ლევან მურუსიძეს, თქვენ ნუ ცდილობთ, რომ ზოგადად, [რაც] ჩემ გარშემო არის, ყველაფერი მოსპოთ და გაანადგუროთ, იმიტომ, რომ არ არის სწორი“, – მიმართა მან არასამთავრობოებს და დასძინა, რომ სატელევიზიო „ბულინგით“ მას ვერაფერს დააკლებენ.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 24 იანვარს, 18:20 სთ-ზე ლევან მურუსიძის განცხადების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button