skip to content
ახალი ამბები

IDFI: საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხების მაჩვენებელი ბოლო 13 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ 8 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო.

ორგანიზაციის განცხადებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებშია გაუარესებული, რომლებიც „მასშტაბურად უპასუხოდ ტოვებენ IDFI-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს“.

IDFI-ის თქმით, ტენდენცია 2023 წელსაც „აქტიურად გაგრძელდა, მაგალითად მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ორგანიზაციამ ამ უწყებებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის 1 255 წერილი გაგზავნა და მათგან პასუხი მხოლოდ 94-ზე (7%) მიიღო. კითხვები სტანდარტული შინაარსის იყო და ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხებოდა, მიუხედავად ამისა წერილი უპასუხოდ დატოვა ყველა სამინისტრომ, მათ მიერ დაქვემდებარებული 81 უწყებიდან კი – „გარკვეული ინფორმაცია“ მხოლოდ 4-მა მიაწოდათ.

საპასუხოდ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 2023 წლის 2 ივნისს „უპრეცედენტო რაოდენობის“ – 89 ადმინისტრაციული საჩივარი გაგზავნა, მათგან 12 სამინისტროში/სახელმწიფო მინისტრის აპარატზე, 77 კი – მათ დაქვემდებარებულ უწყებაზე. „[მათ] არამცთუ არ გასცეს საჯარო ინფორმაცია, არამედ სრულად უგულებელჰყვეს IDFI-ის მიერ გაგზავნილი განცხადებები, რაც კანონმდებლობის როგორც მატერიალური ისე ფორმალური მოთხოვნების დარღვევაა“.

არსებული სისუსტეები

ორგანიზაცია საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცვის არსებული მექანიზმის პრობლემურობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არ არსებობს სპეციალური უწყება, „რომელიც ქმედით კონტროლს გაუწევდა საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის დროულად და სრულფასოვნად გაცემას“.

IDFI საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სასამართლოს მიერ საჩივრების განხილვის გაჭიანურებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ერთ-ერთ მაგალითად ორგანიზაცია მთავრობის განკარგულებების ვებგვერდზე გამოქვეყნების შეწყვეტის გამო მისსავე საჩივარზე მიუთითებს და ამბობს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება 2023 წლის მაისში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის 2.5-წლიანი გაჭიანურების შემდეგ მიიღო და „მთავრობას არ დააკისრა მისივე რეგლამენტით დადგენილი, ღია და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება“. ორგანიზაციას დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button