ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტმა მე-12 სხდომა გამართა
8 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოსა და ევროპარლამენტის მუდმივი დელეგაციები ესწრებოდნენ, მისი თანათავმჯდომარეები კი – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი იყვნენ.
- 22/09/2022 – პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 სხდომა გაიმართა
ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის გამოსვლა
შესავალი სიტყვით გამოსვლისას, მარინა კალიურანდმა ხაზი გაუსვა PAC-ის დებატების მნიშვნელობას და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისას საპარლამენტო კონტროლის აუცილებლობას. მან საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მოახლოებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.
კალიურანდი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, მათ შორის, ევროპარლამენტის ორ რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ, ასევე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ „დამალვას აზრი არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის, განსაკუთრებით კი ევროპარლამენტთან ურთიერთობები გასულ წელს საკმაოდ მშფოთვარე და შეიძლება ითქვას ქაოტურიც კი იყო“.
მან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გამოკითხულთა 89%-მა ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. კალიურანდმა ხაზგასმით აღნიშნა: „საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ ახლა საკუთარი დაპირებები უნდა შეასრულონ, არა ჩვენთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნამდვილად ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“ და დასძინა, რომ „არსებობს შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა და ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს იქნება ის ღია, შეიძლება სწრაფად დაიხუროს, ამიტომ ეს ისტორიული შანსი გამოყენებულ უნდა იქნას“.
მან ევროპარლამენტის წევრებს შორის ღია და პატიოსანი დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს გადაწყვეტილებების უსიამოვნო ასპექტებს უნდა მიხედონ და ამავდროულად საქართველოს მიმართ ძლიერი პატივისცემა შეინარჩუნონ. კალიურანდმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამტკიცებდა, რომ 12 პრიორიტეტიდან 80% შესრულებულია, რის გამოც იგი ევროკავშირისგან „სამართლიან შეფასებას“ ელის. თუმცა, ევროპარლამენტარის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ევროკომისიის ანგარიშებში მითითებულია, რომ ამ რეფორმების განხორციელება „არასრული, არაერთგვაროვანი და ხშირად ზედაპირული“ იყო. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო გარკვეულ მნიშვნელოვან სფეროებში უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება.
ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა იმ დაღლილობას, რომელსაც ევროპარლამენტის წევრები, სხვა ევროპული ინსტიტუტების კოლეგები და დასავლელი პარტნიორები განიცდიან. მისი თქმით, ისინი დაიღალენ მმართველი პარტიის წევრებისგან იმის მტკიცების მოსმენით, რომ საქართველოს ომში ჩათრევა და ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ. „ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი კიდევ ერთ სისხლიან ომში ჩათრევა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, – განაცხადა კალიურანდმა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩეს. ევროპარლამენტარმა განმარტა, რომ ჩამორჩენა არ იყო გამოწვეული რუსეთის შეიარაღებული ძალების სოხუმიდან გაუყვანლობით, არამედ პოლიტიკური უსამართლობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობით. მან ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებს, სიძულვილის ენას დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ. მან ასევე ახსენა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სისასტიკის შემთხვევები, კერძოდ 7-9 მარტის აქციების დროს, ასევე ბუდაპეშტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანტილგბტქ განცხადებები. ამასთან, ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა მთავრობის ორაზროვანი პოზიცია რუსეთის მიმართ და მისი უარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება.
კალიურანდმა ასევე განმარტა, რომ მისი განცხადება არ ათავისუფლებს ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი პასუხისმგებლობისგან და ხაზი გაუსვა, რომ მათი გადაწყვეტილება არ შესულიყვნენ პარლამენტში 2019 წელს და არ მიეღოთ მონაწილეობა მედიაციის პროცესში სერიოზული შეცდომა იყო. მისი თქმით, „მათი მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულების საქმეში მნიშვნელოვან საკითხად რჩება“.
დისკუსიის დროს, ევროპარლამენტარი ქართველი დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის შემდგომ გაღრმავებას უკავშირებდა ევროპარლამენტარების იმ განცხადებებს, სადაც საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკა იყო გაკრიტიკებული. კალიურანდი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც მან უარყოფითი განცხადებები გააკეთა ევროპარლამენტის მიმართ და ის საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის სავარაუდო სურვილში დაადანაშაულა. კალიურანდმა ხაზი გაუსვა, რომ ეს და სხვა განცხადებები ხელს უწყობს ანტიდასავლური რიტორიკის აღქმას და ევროპული ინსტიტუტების მიმართ ბრალდებებს. მან დეპუტატებს მიმართა: „ჩემი რჩევაა, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, ჩაიხედეთ სარკეში და ნახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“.
თანათავმჯდომარე დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილის განცხადება
შეხვედრის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მნიშვნელობას. მისი თქმით, 2014 წლიდან საქართველომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ახორციელებს გადამწყვეტ რეფორმებს, რამაც ქვეყანა მიმზიდველ ადგილად გარდაქმნა და ევროკავშირს დაუახლოვა.
ბოჭორიშვილის თქმით,ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან უმეტესობა შესრულებულია. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ „გაურკვევლობასა და სპეკულაციებს“ გზა გაუხსნა.
არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როცა რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას, ხოლო უკრაინაში მიმდინარე გაუმართლებელი ომი დამატებით დაუცველობას ქმნის რეგიონში, ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის შეიარაღებული ძალების უკანონო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამასთან, მან ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული მყიფე და დაუცველი გარემოს მიუხედავად, საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვიან. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინის მხარდასაჭერად კოლექტიური ქმედებებისა და ძალისხმევის მიმართ და მკაცრად მივყვეთ ჩვენი საკუთარი პოლიტიკის განხორციელებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით არ მოხდეს.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე საუბრისას, ბოჭორიშვილმა გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებული სამი რეზოლუციის საზიანო გავლენას გაუსვა ხაზი და აღნიშნა მათი „ნეგატიური როლი“ საქართველოს შესახებ მცდარი წარმოდგენების შექმნაში. მისი თქმით, ეს რეზოლუციები მნიშვნელოვან უზუსტობებს შეიცავდა, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა ზღვარი ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
რეფორმების საკითხთან დაკავშირებით, ქართველმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ბევრი რამ განხორციელდა, რასაც მოყვა ადამიანის უფლებების დაცვის ზრდა და კანონის უზენაესობის დამკვიდრება. ეს მიღწევები აღიარებულია დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და შექებას უფრო იმსახურებს, ვიდრე უგულებელყოფას. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს მთავრობამ და საზოგადოებამ, მაგრამ მარტო ვერაფერს მივაღწევთ, ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროპარლამენტთან ნდობაზე დამყარებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გარეშე“.
სიტყვის დასასრულს მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი წელს მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, „სამართლიანი შეფასებების საფუძველზე, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს და წაახალისებს მას წინ წავიდეს ევროპულ გზაზე“.
განხილული საკითხები
კომიტეტის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, ევროკომისიის მიერ დასახული 12 პრიორიტეტის შესრულების პროგრესი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
ქართული დელეგაციის განცხადებები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ციტატები კონტექსტიდან იქნა ამოღებული. მისი თქმით, პრემიერის განცხადებებში ხაზგასმული იყო სამოქალაქო თანასწორობა, უმცირესობების უფლებების დაცვა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას. ახვლედიანმა იმედგაცრუება გამოხატა საქართველოს ლიდერების განცხადებების ნეგატიური ინტერპრეტაციის გამო და იმედი გამოთქვა, რომ უფრო პოზიტიური გამოხმაურება ექნება მათ ძალისხმევას, რომ დააკმაყოფილონ კრიტერიუმები და მოთხოვნები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გრძელი გზის მიმართ და აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა ყველა საჭირო ძალისხმევა მიმართოს ამისთვის. მან ხაზი გაუსვა რეფორმების განხორციელების საჭიროებას სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით. მინისტრის მოადგილემ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა და ქართული პროდუქციის ბაზარზე წვდომა დაასახელა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული პერსპექტივის მინიჭებას სტრატეგიულ გადაწყვეტილებად განიხილავს და მოუთმენლად ელის ევროკავშირის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წლის ბოლოს. მისი თქმით, ქვეყანა ასევე ელოდება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველოსთანაც დაიწყება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, რაც ნეგატიური დიფერენციაციისა და პოლარიზაციის თავიდან აცილებას დაეხმარება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ მათი დიდი ხნის მოთხოვნა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამებში პირობითობის საკითხი ჩაიდოს, რაც გულისხმობს მხარდაჭერის შეწყვეტას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ, მუდმივად იგნორირებულია. ქარუმიძემ განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება განცხადებებს იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც არ აღიარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა, რითიც ცდილობს აღიარების რისკების მინიმუმამდე დაყვანას“. ქარუმიძემ გამოთქვა რწმენა, რომ პირობითობის საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს შესაბამისობას ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან და პოტენციურად გადააჭარბებს 75%-იან მაჩვენებელს [სხდომაზე ითქვა, რომ შესაბამისობის ამჟამინდელი მაჩვენებელი 28%-ია].
საქართველოს ელჩმა ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან დახმარებას საქართველოს არაღიარების პოლიტიკაში და რეზოლუციების ერთობლივ მხარდაჭერას, და ევროკავშირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციის საკითხის მკაფიოდ დაფიქსირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ანა წითლიძემ ხაზი გაუსვა ისტორიულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციასა და ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას, მიუხედავად ხელისუფლების ანტიევროპული განწყობებისა. მან ასევე ისაუბრა გაღებულ მსხვერპლზე, ევროპული მომავლის დაცვასა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობაზე. მან რიგი სხვა საკითხებიც განიხილა, მათ შორის ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, პოლიტპატიმრები, თავისუფალი სასამართლო სისტემის არარსებობა და არჩევნები.
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობას ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის, ასევე საერთო ღირებულებებს, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები. მან ასევე ისაუბრა ომში უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერაზე, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაცვაზე, საბაჟო სამსახურების წარმატებულ ქმედებებზე სანქცირებული ტვირთების დაკავების კუთხით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სანქციებისადმი საქართველოს ერთგულების დადებით შეფასებაზე.
იმავდროულად, „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ და იმედგაცრუება გამოხატა სხდომაზე გაკეთებული გარკვეული განცხადებების გამო, რომლებიც ხელს უწყობდნენ „პოლარიზაციას და არა დეპოლარიზაციას“. მან რუსული ოკუპაციის გამო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნის სურვილს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობის პარალელურად.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის საქმეზე ისაუბდა, რა დროსაც ქვეყნის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია მოიშველია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ჩაკვეტაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ სააკაშვილი შესაძლოა განზრახ აზვიადებდეს ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი გადაყვანის მოთხოვნა. მისი თქმით, ერთი საქმის შედეგი უარყოფითად არ უნდა აისახოს საქართველოს ინტეგრაციაზე ევროატლანტიკურ სივრცეში.
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ პოლიციის სისასტიკეზე ისაუბრა და ამის მაგალითად ქართველი რეპერების დაკავება მოიყვანა იმ სიმღერის გამო, სადაც პოლიცია იყო გაკრიტიკებული. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევის პროცესიც გააკრიტიკა და უარი განაცხადა ამ ადამიანების საბჭოს ლეგიტიმურად არჩეული წევრებად აღიარებაზე.
ევროპარლამენტარების განცხადებები
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უფროსის მოადგილემ ლუკ დევინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მინიჭებულმა ევროპულმა პერსპექტივამ გააძლიერა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან, პრინციპებთან და კანონმდებლობასთან დააახლოვა. თუმცა, მან შეშფოთება გამოხატა გარკვეული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების გამო, როგორიცაა „უცხოური აგენტების“ შესასებ კანონები, რომლებიც საზიანოა და ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს. დევინმა ხაზი გაუსვა სასამართლოს ამბიციური რეფორმის, ძლიერი ელექტრონული კანონმდებლობისა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების აუცილებლობას. მან ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
დიანა იაბლონსკამ, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, კონკრეტული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რათა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის გახსნილი შესაძლებლობების ფანჯარა არ დაიხუროს. მან ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერასა და ეფექტურ საჯარო მმართველობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკომისიის მზადყოფნას, რომ საქართველოს სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით დაეხმაროს.
ევროპარლამენტარმა იუოზას ოლეკასმა ხაზი გაუსვა ღია დიალოგისა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ძლიერი პოლარიზაციის მოგვარების აუცილებლობას. მისი ვარაუდით, ერთ-ერთი პოტენციური გამოსავალი შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლება იყოს. ამასთან, მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ და მოუწოდა, რომ 12 პრიორიტეტის შესრულებაში ხელშესახებ პროგრესზე გამახვილდეს ყურადღება.
ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა გააკრიტიკა ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შესახებ და განაცხადა, რომ ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გააძლიერა. მან 12 პრიორიტეტის მიღმა არსებული მიღწევების უფრო ფართო შეფასების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამორმა ასევე ურჩია პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, რომ არ გაჰყვეს ვიქტორ ორბანის გზას და შესთავაზა, რომ დაუშვას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა სამკურნალოდ, რაც, მისი თქმით, პოლარიზაციის შემცირების საშუალებას წარმოადგენს. მანვე ხაზი გაუსვა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობას პოლარიზაციის დაძლევის კუთხით.
ქართველი გამომსვლელების დასკვნითი განცხადებები
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია ჯალუხიძემ შეშფოთება გამოთქვა 2-3 ივნისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ვალდებულებას დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ინციდენტები საქართველოში აღარ განმეორდება. მან ამ შემთხვევას „ძალიან საგანგაშო“ უწოდა. მან ასევე ისაუბრა სახალხო დამცველის არჩევისას კომპრომისის მიღწევის გამოწვევებზე და განმარტა, რომ ლევან იოსელიანის დანიშვნა არ იყო უბრალო ფორმალობა, არამედ მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შენარჩუნებას. ჯალუხიძემ ასევე ისაუბრა სახალხო დამცველის ოფისის აქტიურ ჩართულობაზე კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმებზე მომუშავე ჯგუფებში და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ინსტიტუტის როლს ლგბტქ უმცირესობათა უფლებების დაცვის საქმეში.
პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიღწეულ წინსვლაზე და მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის დანიშვნა და საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში აღძრული საქმეების რაოდენობის შემცირება დაასახელა. მან ქვეყნის სასამართლო სისტემაში მიმდინარე გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ახალი ინიციატივის დანერგვაზე, რომელიც სოციალური შეღავათების მქონე პირთათვის დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)