ანალიზი

ამიხსენი | რატომ შედის 2012 წლის შემდეგ ნაკლები სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში?

რა ხდება?

მმართველი პარტიის წარმომადგენლები 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი (ECtHR) საქართველოდან მიმართვების რაოდენობის შემცირებას ხშირად ხსნიან მათი მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების წარმატებით.

მართლა ასეა?

ევროპული სასამართლოსადმი მიმართვების შემცირებას სხვადასხვა მიზეზი აქვს და ავტომატურად არ გულისხმობს ქვეყანაში მართლმსაჯულების სრულყოფას, ანდა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სწორედ ამ საკითხზე 2022 წელს გამოქვეყნდა GnomonWise-ის სიღრმისეული კვლევა  “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლო ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში,” ვეცდებით, ამ კვლევის დახმარებით და მასზე დაყრდნობით  ავხსნათ, თუ რამ გამოიწვია საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მიმართვების კლება უკანასკნელი წლების განმავლობაში.

რა საქმეები ხვდება სტრასბურგში?

  • რას განიხილავს სტრასბურგი? ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საჩივარს განსახილველად იღებს მხოლოდ მაშინ თუ განმცხადებელმა ამოწურა სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება, ანუ გაიარა ყველა სასამართლო ინსტანცია.
  • როდის განიხილავს? 2022 წლამდე ევროსასამართლოსთვის საჩივრის წარდგენა ხდებოდა ეროვნულ დონეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვეში, რაც შემდგომ შემცირდა 4 თვემდე.
  • როგორ განიხილავს? აი, სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული:
    • თავდაპირველად, სასამართლოში საჩივრის შეტანა მეტად მარტივი პროცედურების გავლით ხდებოდა, შესაბამისად, მიმართვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. შედეგად, სასამართლო გადაიტვირთა და საჩივრები წლობით რჩებოდა განუხილველი. აუცილებელი გახდა სისტემის ძირეული რეფორმა და გამფილტრავი მექანიზმის შექმნა. სწორედ ეს შეიცვალა 2009-2010 წლებში.

რა შეიცვალა 2009 წლის შემდეგ?

2009 – რიგითობა: 2009 წელს შეიცვალა საქმეების განხილვის რიგითობა. თუ მანამდე სასამართლო  საქმეებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განიხილავდა, 2009 წლიდან რიგითობა დგინდება საქმის მნიშვნელობისა და სწრაფი გადაწყვეტის აუცილებლობის კრიტერიუმების მიხედვით.

2010 – ინტერლაკენის შეთანხმება: “ინტერლაკენის შეთანხმებამ” განსაზღვრა ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობა აღსრულების, საქმეთა ფილტრაციის, ეროვნული სასამართლოების როლის და ევროსასამართლოს ეფექტიანობის გაძლიერების კუთხით. ინტერლაკენის შეთანხმება სასამართლოსთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ განასხვავებენ სასამართლოს ინტერლაკენამდე და ინტერლაკენის შემდგომ პერიოდებს. ამ პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები მომდევნო წლების განმავლობაში, ეტაპობრივად შევიდა ძალაში.

  • ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმები: ინტერლაკენის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დავის ალტერნატიული – ანუ სასამართლო განხილვის გარეშე – გადაწყვეტის ფორმების მნიშვნელობაზე. ასეთი წესით მოგვარებული საჩივრები ამოირიცხება სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან და აღარ არის გათვალისწინებული საერთო სტატისტიკაში. კერძოდ, დაწესდა:
    • ცალმხრივი დეკლარაცია, როცა მთავრობა აღიარებს, რომ მან დაარღვია დეკლარაცია.
    • მეგობრული მორიგება – ურთიერთშეთანხმება მომჩივანსა და სახელმწიფოს შორის ზიანის ანაზღაურებაზე.
  • საქართველომ ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება 2012 წლიდან დაიწყო.

2014 – საჩივრის შეტანის წესები: ამ წლის პირველი იანვრიდან გართულდა საჩივრის შეტანის წესები. მათი დაუცველობა საქმის განუხილვევლად დატოვების საფუძველია. ამასთან, ამიერიდან განმცხადებელი ვალდებული გახდა სრულად წარედგინა საჩივარი ექვსი თვის ვადაში. ამ ვადის გახანგრძლივება აიკრძალა.

როგორ აისახა ეს რეფორმები საქართველოზე?

რეფორმების შედეგად სასამართლოში ნაკლები საქმეები შედის ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდანაც, რომელსაც სტრასბურგში ყველაზე ხშირად უჩიოდნენ. არადა, რუსეთში არც სასამართლო სისტემა გაუმჯობესებულა და არც ადამიანის უფლებების მდგომარეობა.

“ინტერლაკენის შემდეგ” პერიოდი დაემთხვა 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას, შესაბამისად, თუკი საქართველოში სტატისტიკურ წყალგამყოფად 2013 წელს ავიღებთ, სასამართლოსადმი მიმართვების რაოდენობის ცვლილება მნიშვნელოვნად იქნება განპირობებული ევროპულ სასამართლოში განხორციელებული რეფორმებით.

კერძოდ, რას გვეუბნება სტატისტიკა?

საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციის ხელშემკვრელი 1999 წლიდან გახდა. საქართველოსთან დაკავშირებით პირველი გადაწყვეტილება სასამართლომ 2004 წელს მიიღო. ეს იყო საქმე “ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ (Asanidze v. Georgia)”, რომელმაც პრეცედენტი შექმნა თავად კონვენციის სისტემისთვის: სასამართლომ პირველად მოითხოვა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის დაუყოვნებელი გათავისუფლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

“ამ გადაწყვეტილებამ საქართველოში სასამართლოს მიმართ ცნობადობა და სასამართლოს მხრიდან დარღვევებზე ხისტი რეაგირებისა და როგორც მინიმუმ, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დავალდებულების მოლოდინები კიდევ უფრო გაზარდა და მეტად პოპულარული გახადა სიტყვები „სტრასბურგში წავალ“- წერია GnomonWise-ს კვლევაში.

დაუშვებელი სარჩელების რაოდენობა იკლებს

ამგვარი საჯარო პოპულარობისა და გამოუცდელობის გამო საქართველოდან სასამართლოში ბევრი ისეთი საჩივარი შედიოდა, რომელიც შეიცავდა პროცედურულ დარღვევებს (ვადის დაუცველობა, შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ ამოწურვა, უსაფუძვლო და კონვენციასთან შეუსაბამო) და ამდენად არ იყო დაშვებელი განსახილველად.

საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებების 97% – სულ 143 გადაწყვეტილება – სწორედ 2013 წლამდე პერიოდში მოდის. 2013 წლის შემდეგ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით კი დაუშვებლად ცნობის შესახებ მხოლოდ 3% (სულ ხუთი) გადაწყვეტილება იყო მიღებული.

რუსული, პოლიტიზებული სარჩელები

2008 წლის 11 აგვისტოს საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივრით მიმართა.

ამის საპასუხოდ 2008 წელს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 3 300-მდე ინდივიდუალური საჩივარი წარადგინა, რასაც კარგად ორგანიზებული კამპანიის ხასიათს ატარებდა. ამგვარი ტაქტიკით, რუსეთი შეეცადა საკუთარი დანაშაულიდან ყურადღება გადაეტანა და სასამართლო კიდევ უფრო გადაეტვირთა საქმეებით.

ამ სარჩელების უდიდესი ნაწილი, 2010 და 2022 წლებში სასამართლომ დაუშვებლობის საფუძვლით ამორიცხა განსახილველი საქმეების ნუსხიდან. თუმცა, ამდენი საქმის ერთდროულად წარდგენამ საქართველოსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ სურათზე სერიოზული გავლენა იქონია – 3 300-ზე მეტი საჩივარი, საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებიდან დღემდე შესული საერთო საჩივრების დაახლოებით ნახევარია.

თუმცაღა, ბუნებრივია, ეს საჩივრები საქართველოს სასამართლო სისტემის ხარისხიანობის შესაფასებლად ვერ გამოდგება. ამ კონკრეტული საჩივრების სტატისტიკაში გამოყენება, სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებაა.

სარჩელები სასჯელაღსრულების პირობების შესახებ

2012 წლამდე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეთა რაოდენობის მზარდ ტენდენციაზე გავლენა ასევე ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირობებთან დაკავშირებულ დავებს. გამომდინარე იქედან, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფლებების დარღვევზე რეაგრებისთვის არ არსებობდა ეფექტური შიდა დაცვის საშუალება, პატიმრებს პირდაპირ შეეძლოთ მიემართათ ევროპული სასამართლოსთვის.

თუმცა, ევროპულმა სასამართლომ 2010 წლის პირველ ოქტომბერს პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები დადებითად შეაფასა და ამ ცვლილებების შედეგად მიღებული საჩივრის განხილვის მექანიზმი მიიჩნია ეფექტურ ეროვნულ მექანიზმად. შესაბამისად 2011 წლიდან პატიმრების მხრიდან ევროსასამართლოსთვის მიმართვიანობამაც იკლო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ  განსახილველ საქმეთა ამორიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების (2022 წლის მდგომარეობით ჯამში 237 გადაწყვეტილება) 46% სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პირობებს ეხება.

ჯამური სურათი:

ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე ჩანს, რომ წლების მიხედვით ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა პიკს აღწევს სწორედ 2008 წელს რუსეთის მხრიდან შეტანილი საჩივრების ხარჯზე. 2013 წლიდან მართლაც შეინიშნება კლების ტენდენცია, რაზეც გავლენა შეიძლება ჰქონოდა როგორც პატიმრების საჩივრების ამორიცხვას, ასევე დაუშვებელი გადაწყვეტილებების მნიშვნელოვან შემცირებას 2013 წლის შემდგომ პერიოდში.

გრაფიკი მოყვანილია GnomonWise-ს კვლევაში, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო 2006 წლიდან მოყოლებული ოფიციალურად აღარ ავრცელებს შეტანილი საჩივრების შესახებ მონაცემებს, შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებითაც 2006 წლის შემდეგ ამ სახის მონაცემები ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის და ეყრდნობა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლის, მოსამართლე ნონა წოწორიას მონაცემებს.

დასკვნის სახით

საბოლოო ჯამში, ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის სტატისტიკაზე მსჯელობისას შიდა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უფრო ფართო კონტექსტი, კერძოდ კი ECtHR-ში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესაფასებლად არ შეიძლება ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ სტატისტიკით. ხარისხობრივი ზომები, როგორიცაა ცალკეული ადამიანებისა და თემების ცხოვრებისეული გამოცდილება, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიშები სტატისტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

GnomonWise კვლევაში ხაზგასმულია, რომ „რიცხვებით თამაშის“ ნაცვლად, არსობრივი ანალიზის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება თავად ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმაც და „სასამართლოს წარმატების საზომად უარი ითქვა ძირითადად მოცემულ პერიოდში განხილული საქმეების საერთო რაოდენობის განსაზღვრაზე და ახალ ინდიკატორად განისაზღვრა, ის თუ როგორ განიხილავს სასამართლო ყველაზე მნიშვენლოვან საქმეებს პრიორიტეტულობის პოლიტიკის გათვალისწინებით”.


This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button