ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 24-25 აპრილს პრაღაში ევროპარლამენტის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ევროკავშირის რეაგირებაზე გამახვილეს ყურადღება. შალვა პაპუაშვილმა ისარგებლა შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებს.

კონფერენციის შესახებ საუბრისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას მიეცა შესაძლებლობა უკრაინისადმი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა. მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ როლს და გაფართოების პოლიტიკას. „დღეს არ არის იმის დრო, რომ იყოს საუბარი ღია კარზე, წინსვლებზე მხოლოდ. საჭიროა გადაწყვეტილებები, რომელსაც ქართველი ხალხი ელის“, – განაცხადა პაპუაშვილმდა და აღნიშნა, რომ „შარშან იმით, რომ არ მოგვენიჭა სტატუსი, გარკვეულწილად გამოგვაცალკევეს ასოცირების ტრიოდან“.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა აღდგეს და საქართველო კვლავ დადგეს იმ პოზიციაზე, სადაც იქნება მოლდოვა და უკრაინა წლის ბოლოს“, – ხაზი გაუსვა შალვა პაპუაშვილმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პაპუაშვილმა ევროკავშირის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირმა, როგორც თავად დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საყოველთაოდ ცნობილმა დამცველმა, უნდა ითანამშრომლოს სხვა დემოკრატიებთან“. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს ბევრი რამ აქვს გასაზიარებელი, ხოლო სხვა პარტნიორ დემოკრატიებს ასევე ბევრი რამ აქვთ გასაზიარებელი, მათ შორის, საქართველოს, რომელიც „თავისუფლებისა და მშვიდობის, ევროპის იდენტობის სადარაჯოზე მდგომი ერთგული ოპტიმისტია“.

პაპუაშვილის თქმით, ევროპის სიძლიერე სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებებიდან უნდა მომდინარეობდეს. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია. დეზინფორმაციის ამჟამინდელ ცუნამში, ევროკავშირის ნამდვილი სიძლიერე იმ მოსაზრებების გაძლიერებაა, რომელიც არა აღქმებს, არამედ ფაქტებს ეფუძნება. ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა აძლიერებს დემოკრატიას, აღქმებზე დაფუძნებული კი ასუსტებს მას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში წევრობის დაპირება საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. „ამჟამად, რაც გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არის მკაფიო, გაზომვადი და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური, მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით“. მისი თქმით, საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკავშირის 12 პრიორიტეტს.

„მე მჯერა ევროპის. ჩემს თავისუფლების მოყვარე ერს ასევე სჯერა ევროპის. დროა, ევროპასაც სჯეროდეს საკუთარი თავის და სჯეროდეს ჩვენი“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და სპიკერებს შეხვდა. ვიზიტის დასასრულს, მან განაცხადა, რომ „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროკავშირი უნდა იქცეს სივრცედ – ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე და ლისაბონიდან თბილისამდე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button